ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ტრამპთან შეხვედრა ექნება

ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ვაშინგტონი, თეთრი სახლი, 2025 წლის 17 ოქტომბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ექნება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

გამოცემა Kyiv Post-ის წყაროთა თანახმად, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა, 28 დეკემბერს გაიმართოს ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში მარ-ა-ლაგო.

უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკის, ტელეგრამის და X-ის ოფიციალურ გვერდებზე დღეს დაწერა, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მოახსენა ამერიკულ მხარესთან მორიგი კონტაქტების შესახებ:

„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს ხანში. ბევრი რამ შესაძლოა, ახალ წლამდე გადაწყდეს. დიდება უკრაინას!“

  • უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმაზე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებში.
  • 25 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ საჯარო გახადა ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმის პროექტი

24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად ილაპარაკა ომის დასრულების გეგმის პროექტის 20-ვე პუნქტზე.

ყველაზე რთული ტერიტორიის საკითხია. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი - დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას.

კომპრომისის სახით აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა.

ასევე ნახეთ Bloomberg-ი: რუსეთი შეეცდება მიაღწიოს ცვლილებებს სამშვიდობო გეგმაში

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივენ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა სამშვიდობო გეგმის პროექტზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 19-21 დეკემბერს მაიამიში გამართეს ჯერ უკრაინის დელეგაციასთან, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან.

კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა დოკუმენტები ჩამოიტანა მაიამიდან დმიტრიევმა. პესკოვმა უპასუხა, რომ ამას არ იტყვიან, მით უმეტეს მასმედიის გავლით.

კრემლის პრესმდივნის თანახმად, დმიტრიევმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა ყველა ნიუანსი, მისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდება შემდგომი პოზიცია და კონტაქტები გაგრძელდება არსებული არხებით. პესკოვმა უარი თქვა კომენტარზე იმ 20-პუნქტიანი გეგმის, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა.

გამოცემა „კომერსანტის“ სპეციალურმა კორესპონდენტმა ანდრეი კოლესნიკოვმა სტატიაში, რომელიც პუტინის ხელმძღვანელობით 25 დეკემბერს გამართულ სახელმწიფო საბჭოს წინასაახალწლო შეხვედრას ეხებოდა, დაწერა, რომ ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა მეწარმეთა კავშირში გაერთიანებულ ბიზნესმენებს.

ჟურნალისტის წყაროთა ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე პუტინმა ყველაზე მეტხანს ილაპარაკა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესზე, ისევ განაცხადა, რომ დონბასი რუსეთის უნდა იყოს, არ გამორიცხა სხვა ტერიტორიების ნაწილობრივ გაცვლა და ისიც თქვა, რომ განიხილება ამერიკულ მხარესთან ერთად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვა და ამერიკელები ამ სადგურზე მაინინგით არიან დაინტერესებული.

ეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილშია, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ 24 დეკემბერს გასაჯაროებული პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავენ უკრაინა, რუსეთი და აშშ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობას არ ეთანხმება.