Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ საჯარო გახადა ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმის პროექტი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 24 დეკემბერს პირველად ილაპარაკა ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის პროექტის ყველა პუნქტის შინაარსზე.

უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, „საბაზისო დოკუმენტის“ პროექტის დეტალები საჯაროდ ცნობილი გახდა უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგიდან. ზელენსკის განმარტებით, პროექტში წარმოდგენილი ბევრი პოზიცია უკრაინის და აშშ-ის საერთო ხედვას ასახავს.

ძირითადი პუნქტების თანახმად:

  • კიდევ ერთხელ დადასტურებულია უკრაინის სუვერენიტეტი;
  • უკრაინის არმიის რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იქნება 800 ათასი;
  • აშშ, ნატო და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს;
  • რუსეთმა საკანონმდებლი დონეზე უნდა გაამყაროს უკრაინაზე თავდაუსხმელობის პოლიტიკა;
  • უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს;
  • უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ;
  • ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავენ უკრაინა, რუსეთი და აშშ, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობას არ ეთანხმება;
  • რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას სკოლებსა და საზოგადოებაში დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა კულტურის მიმართ ტოლერანტობასა და გაგებას. უკრაინა დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ.

ყველაზე რთული ტერიტორიის საკითხია. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი - დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას.

კომპრომისის სახით აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა.

გეგმის პროექტის თანახმად:

  • რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს დნეტროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქებიდან; რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის გამოყენებას კომერციული საქმიანობის მიზნებისთვის;
  • შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარებს ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს;
  • შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს მშვიდობის საბჭო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. საბჭოში იქნებიან აშშ, ნატო, ევროპა, უკრაინა და რუსეთი. შეთანხმების დარღვევა სანქციებს გამოიწვევს.

პროექტში საუბარია ორივე მხარის მიერ სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების გათავისუფლებაზეც, უკრაინის აღდგენის, ინვესტირების, ქალაქების მოდერნიზაციის, სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხებზე და აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ შესაბამისი ფონდების შექმნაზე.

თუ ყველა მხარე ამ დოკუმენტს დასთანხმდება, დაუყოვნებლივ ამოქმედდება ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთ პუნქტს დამატებით დამუშავება და შეთანხმება სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივენ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა სამშვიდობო გეგმის პროექტზე მოლაპარაკებების ამ დროისთვის ბოლო რაუნდი გასული კვირის ბოლოს მაიამიში გამართეს ჯერ უკრაინის დელეგაციასთან, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კირილ დმიტრიევთან.

კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა დოკუმენტები ჩამოიტანა მაიამიდან დმიტრიევმა. პესკოვმა უპასუხა, რომ ამას არ იტყვიან, მით უმეტეს მასმედიის გავლით.

კრემლის პრესმდივნის თანახმად, დმიტრიევმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა ყველა ნიუანსი, მისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდება შემდგომი პოზიცია და კონტაქტები გაგრძელდება არსებული არხებით. პესკოვმა უარი თქვა კომენტარზე იმ 20-პუნქტიანი გეგმის, რომელიც დღეს უკრაინამ გაასაჯაროვა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG