შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში, ბარ „Le Constellation“-ში ხანძრის შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა და 115-მდე დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე დაიწყო ბარში, რომელშიც ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის დროს შენობაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
თავდაპირველად სამართალდამცავმა ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების შესახებ და დასძინეს, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და დაიღუპა, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. ჟურნალისტების თქმით, აფეთქება შესაძლოა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენებამ გამოიწვია.
ამ მომენტისთვის პოლიცია იძიებს ხანძრის გაჩენის მიზეზებს და გამორიცხავს ტერაქტს ან განზრახ ხანძრის გაჩენას. ბარის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილია და ქალაქის თავზე ფრენა აკრძალულია. ტელეარხი RTS იუწყება, რომ სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიის საავადმყოფოები მობილიზებულია „მძიმე დამწვრობის მქონე პაციენტების“ სამკურნალოდ.
კურორტი კრან-მონტანა მდებარეობს ვალეს კანტონში, შვეიცარიის ალპების ცენტრში, მწვერვალ მატერჰორნიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 კილომეტრზე.
ასევე ნახეთ მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ