Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ


პოლიციის თანამშრომლები მოსკოვში მომხდარი აფეთქების ადგილთან. 2025 წლის 24 დეკემბერი
პოლიციის თანამშრომლები მოსკოვში მომხდარი აფეთქების ადგილთან. 2025 წლის 24 დეკემბერი

მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა საგზაო-საპატრულო სამსახურის ორი თანამშრომელი. მოსკოვის სამხრეთ ნაწილში მდებარე ელეცის ქუჩაზე აფეთქება გასულ ღამით მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 24 დეკემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო-საპატრულო სამსახურის ორმა თანამშრომელმა პოლიციის ავტომობილთან შენიშნა საეჭვო პირი, მასთან დაკავების მიზნით მიახლოებისას ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და დაიღუპნენ პოლიციის ორივე თანამშრომელი და მათ გვერდით მყოფი პირი.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს პირი აფეთქების მომწყობი იყო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მესამე დაღუპული ეჭვმიტანილი პირია.

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი 112 გამთენიისას წერდა, რომ გვიან ღამით მამაკაცმა საგზაო-საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში შეაგდო პაკეტი „დაუდგენელი მოწყობილობით“, რომელიც აფეთქდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.

გამოცემა „აგენტსტვო" წერს, რომ მოსკოვის ის ადგილი, სადაც გასულ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ, სამას მეტრშია იმ ადგილიდან, სადაც 22 დეკემბერს, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG