ირანში კვლავ ქუჩებში რჩებიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები

საპროტესტო გამოსვლები თეირანის ქუჩებში: უფლებადამცველი ჯგუფები იუწყებიან, რომ უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.

ირანში მე-15 დღეა გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები. უსაფრთხოების ძალები მზარდ ძალადობას მიმართავენ დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” იუწყება, 11 იანვრის დილით თეირანის ქუჩებში კვლავ ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ იუწყებოდნენ. ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.

AFP-ის მიერ დამოწმებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სკანდირებს ადამიანთა ჯგუფი ჩრდილოეთ თეირანში დიდი ხნის წინ გადაყენებული მონარქიის მხარდასაჭერ ლოზუნგებს, ისვრის ფეიერვერკებს და პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ ქვაბებს.

ირანის ავტორიტარული რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ზეწოლასაც აგრძელებს დონალდ ტრამპი, ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს. მაშინ ძალაუფლება დაკარგა აშშ-ის მოკავშირე შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ, რომელიც 1980 წელს ეგვიპტეში ემიგრაციაში გარდაიცვალა.

Truth Social-ზე 10 იანვრის პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა დასახმარებლად“ და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა მომიტინგეების მიმართ, მანამდე მან ირანის ხელისუფლებას არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილი გაუგზავნა.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა გააზიარა Fox News-ის ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცვლის მომიტინგე ირანის ამჟამინდელ დროშას 1979 წლის რევოლუციამდელი დროშით.

ტრამპმა ირანთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

"ირანი სერიოზულ გასაჭირშია. როგორც ჩანს, ხალხი გარკვეულ ქალაქებს იკავებს, რაც, სულ რამდენიმე კვირის წინ, ყველას შეუძლებელი ეგონა. ჩვენ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, - "ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს”.

ასევე ნახეთ დემონსტრანტების დახოცვის შემთხვევაში, ტრამპი ირანს აშშ-ს ჩარევით კიდევ ერთხელ დაემუქრა

ამას მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მოკლე პოსტი X-ზე, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები „მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს“.

აშშ-ის ადმინისტრაციის ამგვარი განცხადებების პასუხად ირანის ქუჩებში დემონსტრანტები ხშირად ახსენებენ ტრამპის სახელს, პოსტერებზეც ჩანს მისი ფოტოები და სოციალურ მედიაშიც ხშირად სთხოვენ მას დაპირებულ დახმარებას. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ამის გამო ირანის პროტესტში ჩართულებს სხვა ქვეყნიდან მართულები უწოდა 9 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ასევე ნახეთ ინტერვიუ: ირანი „რევოლუციის დასაწყისშია“
ასევე ნახეთ მოკრივე, სატვირთო მანქანის მძღოლი, ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი - ვინ არიან ირანში მოკლული დემონსტრანტები
ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე