მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
ასეთი შემთხვევები უკვე ყოფილა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ მთლიანად უკან დაიხია, მაგრამ… რაც ახლა ირანში ხდება, მართლაც საკმაოდ დაუჯერებელია. ამის ყურება გამაოგნებელია. მათ ცუდად იმუშავეს, საკუთარ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ახლა ამის საფასურს იხდიან. ვნახოთ, რა მოხდება - ჩვენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეს განცხადება სულისკვეთებით და შინაარსით ჰყავს პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტს Truth Social-ზე, სადაც მან თქვა: "თუკი ირანი ესვრის და ძალადობრივად დახოცავს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რაც მათი ჩვეულებაა, აშშ მათ გადაარჩენს".
აშშ-ის პრეზიდენტის ამგვარი განცხადებების პასუხად ირანის ქუჩებში დემონსტრანტები მის სახელს ხშირად ახსენებენ, პოსტერებზეც ჩანს დონალდ ტრამპი და სოციალურ მედიაშიც ხშირად სთხოვენ დაპირებულ დახმარებას. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ამის გამო ირანის პროტესტში ჩართულებს სხვა ქვეყნიდან მართულები უწოდა 9 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„გამოუცდელი და დაუდევარი ადამიანების ჯგუფი [ტრამპს] უჯერებს და მისი სურვილისამებრ მოქმედებს. ისინი ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებენ, რათა ტრამპს ასიამოვნონ”, – თქვა მან და დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ხელები „გასვრილია ათასზე მეტი ირანელის სისხლით, რომლებიც [ისრაელთან] 12-დღიანი ომის დროს მოწამეობრივად დაიღუპნენ“
ირანში დემონსტრანტების მხარდაჭერა x-ზე დააფიქსირა შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც 10 იანვარს დაწერა: „ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“.
პარალელურად, ირანის ყოფილი შაჰის შვილი, ემიგრაციაში მცხოვრები რეზა ფეჰლევი კვლავ ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ამბობს, რომ თავადაც ემზადება ირანში დასაბრუნებლად.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 10 იანვრის ღამეს, როგორც თეირანში, ისე ირანის არაერთ სხვა ქალაქში, კვლავ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იყო.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა. ირანელ ექიმებზე დაყრდნობით დასავლური მედია კლინიკების გადატვირთულობაზე წერს - BBC-ის ცნობით, თეირანის კლინიკაში აქციაზე დაშვებულთა სიმრავლის გამო კრიზისულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებს.
ფორუმი