აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “მეორე მხარის ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე დაყრდნობით” განაცხადა, რომ ირანმა შეაჩერა სიკვდილით დასჯა, თუმცა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში რჩება, ვინაიდან რჩება აშშ-ის სამხედრო მოქმედების ალბათობა თეირანის წინააღმდეგ.
“განაცხადეს, რომ შეწყდა მკვლელობები და არ იქნება სიკვდილით დასჯა - დღეს უნდა ყოფილიყო ბევრი სიკვდილით დასჯა და სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება - და ჩვენ ამას გავარკვევთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში 14 იანვარს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავდა.
ირანში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხელისუფლების მიერ ინტერნეტის პრაქტიკულად სრული გათიშვის პირობებში, რაც მოჰყვა დეკემბრის ბოლოს დაწყებულ მასობრივ დემონსტრაციებს, რომლებიც თავდაპირველად გამოწვეული იყო ეკონომიკური კრიზისითა და ვალუტის გაუფასურებით.
„ირანში ინტერნეტი გათიშულია 156 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სასტიკი დარბევების შემდეგ სიჩუმე ღრმავდება“, - ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის, NetBlocks-ის მიერ 15 იანვრის დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნორვეგიაში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა Hengaw-მა, 26 წლის ერფან სოლტანის ოჯახზე დაყრდნობით 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არ დაუსჯით სიკვდილით, მაგრამ „ხიფათი რჩება“.
მანამდე უფლებადამცველი ორგანიზაციები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ირანში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს აქციების მონაწილე ერფან სოლტანის, რომელსაც “ღვთის წინააღმდეგ ომში” ადანაშაულებდნენ.
ასევე ნახეთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობსირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ FOX News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელი დიპლომატის სიტყვებით, მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.
ფრენების მონიტორინგის პორტალმა Flightradar24-მა 14 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ავიაკომპანიებს შეატყობინა საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ ყველა ავიაკომპანიისთვის, გარდა საერთაშორისო რეისებისა იმ ქვეყნებში და იმ ქვეყნიდან, რომლებსაც ნებართვა მიეცათ. ამასთან განკარგულება ძალაში იყო „ორ საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში“, - ნათქვამია Flightradar24-ის განცხადებაში.
ირანში მყოფი ჟურნალისტი, რომელმაც 13 იანვარს რადიო "ფარდისთვის" რეპორტაჟის გაგზავნა მოახერხა, ტაქსის მძღოლზე დაყრდნობით, რომელთანაც ისაუბრა, მოჰყვა უსაფრთხოების ძალების მიერ სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმების, დაჭრილი მომიტინგეების შესახებ, რომლებსაც იტაცებდნენ და ხოცავდნენ.
ამის გადამოწმება რადიო თავისუფლებისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია. მაგრამ ისინი ემთხვევა ადამიანის უფლებათა დამცველების წყაროების მონათხრობს და ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა ცნობებს დემონსტრანტთა სასტიკი დარბევისა და მომიტინგეების „მასობრივი მკვლელობის“ შესახებ.
ირანში ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რის საბაბადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქცა. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.