ემანუელ მაკრონი უარყოფს დონალდ ტრამპის მიწვევას„მშვიდობის საბჭოში“

ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 18 აგვისტო, 2025.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ შევიდეს „მშვიდობის საბჭოში“, იტყობინება Politico ელისეს სასახლეზე დაყრდნობით.

Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია მაკრონის განზრახვის შესახებ, უარი თქვას „საბჭოში“ მონაწილეობაზე.

Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ექნება ფართო უფლებამოსილებები, რომლებიც გასცდება ღაზის სექტორის გარდამავალ მმართველობას და ძირს გამოუთხრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურას.

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთი აპირებს მოწვევის უარყოფას „ამ ეტაპზე“ ასევე იმიტომ, რომ ინიციატივა ეჭვქვეშ აყენებს გაეროს როლს.

სააგენტოს ცნობით, წერილის ასლისა და წესდების პროექტის თანახმად, რომელსაც ის გაეცნო, საბჭოს უვადოდ უხელმძღვანელებს ტრამპი, ის მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოვებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.

მისი წესდების თანახმად, რომელსაც Bloomberg-ი და სხვა მედიასაშუალებები ციტირებენ, „მშვიდობის საბჭო“ აღწერილია როგორც „საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ესწრაფვის სტაბილურობის ხელშეწყობას, სანდო და კანონიერი მმართველობის აღდგენას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას რაიონებში, რომლებიც კონფლიქტით არის დაზარალებული ან საფრთხეში იმყოფება“.

იმათ შორის, ვინც მიიღო მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ შესასვლელად, არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, იტყობინება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი. მისი სიტყვებით, კრემლში შეისწავლიან „ამ წინადადების ყველა დეტალს“.

ასევე ნახეთ პუტინმა აშშ-სგან "მშვიდობის საბჭოში" წევრობის მიწვევა მიიღო - პესკოვი


მიწვევა მიიღო ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამაც, იტყობინება მისი პრესმდივანი, რომელმაც დასძინა, რომ მიწვევა დადებითად იქნა მიღებული.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს თურქეთის, ეგვიპტისა და არგენტინის პრეზიდენტებმაც. Reuters-ის წყაროების ცნობით, მიწვევები ასევე მიიღეს საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ლიდერებმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მიიწვიეს ევროკავშირის წარმომადგენლად.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ დათანხმდა, მაგრამ, Politico-ს ცნობით, კანადა არ გადაიხდის „საბჭოში“ ადგილის საფასურს და რომ შეერთებულ შტატებს თანხა არ მოუთხოვია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანას „მშვიდობის საბჭოს“ მუდმივი წევრის სტატუსისთვის 1 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ანონიმმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ შეგროვებული თანხები გამოყენებულ იქნება „მშვიდობის საბჭოს“ მანდატის შესასრულებლად ღაზის სექტორის აღდგენის მიზნით.

როგორც იტყობინებიან, ტრამპის გარდა „საბჭოში“ შესაძლოა შევიდნენ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც - კერძოდ, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.