პენიტენციური მოკვლევის დაწყებამდე ამბობს, რომ სანდერის ბრალდება დისკრედიტაციის მცდელობაა

ნანა (ნანუ) სანდერი

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური მოკვლევის დაწყებამდე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის ნათქვამი, ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, „სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა“. 

დღეს, 20 იანვარს ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ციხეში მიყვანის წუთიდანვე მასზე სხვადასხვა ფორმით ძალადობენ.

„ჩემ მიმართ ციხეში მოყვანის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც ვიცი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება, გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ ხუთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, ციხის დირექტორი და მოადგილე - მე ვარ უდანაშაულო პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი ტანჯვა და წამება. ორი დღეა, დასივებული სახით ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა და [ციხის დირექტორი] ადამიანი მეუბნება, შენ შოუს აწყობ და არაფერი გაწუხებსო“, - თქვა სანდერმა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრის მიღებისთანავე „ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება“ და ეს პროცედურული ნაწილია. უწყება არ ეთანხმება გამოთქმულ ბრალდებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მაინც მოიკვლევენ საკითხს.

ნანა სანდერი გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას 13 ნოემბრამდე მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდება ჰქონდა წაყენებული, შემდეგ კი დაუმატეს „ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება“ (სსკ 317-ე მუხლი). სანდერს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ „იმოქმედეთ“ – მოძრაობა ,,300 ქალი" ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის გამო ქალთა ციხის უფროსს მიმართავს 


4 ოქტომბრის საქმე

  • 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, - თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
  • ამის შემდეგ აქციის ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“, მათ შორის, ენმ-ის წევრები (მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე) და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე;
  • ხუთივე მათგანი დაპატიმრებულია; ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით სხვა ადამიანიც - სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მათი რაოდენობა, ორგანიზატორობაში ბრალდებულების ჩათვლით, 60-ს სცდება. მათ შორისაა ნანა სანდერიც.
  • მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
  • 2025 წლის 25 დეკემბერს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია - გამოძიებამ ის დაასახელა 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“.
ასევე ნახეთ „წამებას გავდივარ“ - აქტივისტი სანდერი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და შიმშილობას აანონსებს