Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წამებას გავდივარ“ - აქტივისტი სანდერი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და შიმშილობას აანონსებს


4 ოქტომბრის აქციის მონაწილე დაპატიმრებული დემონსტრანტი ნანა (ნანუ) სანდერი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
4 ოქტომბრის აქციის მონაწილე დაპატიმრებული დემონსტრანტი ნანა (ნანუ) სანდერი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი, ნანა სანდერი სასამართლოზე ჰყვება საპატიმროში არაადამიანურ პირობებზე და ამბობს, რომ თუკი არ გაათავისუფლებენ, შიმშილობას დაიწყებს.

„ჯანმრთელობა ქიმიური იარაღით დამიზიანეს. მე ვარ პოლიტპატიმარი. მე თუ დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილობას, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე, რაც ისედაც არ მაქვს“, - IPN-ის ცნობით, განაცხადა სანდერმა.

მან დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ 4 ოქტომბრისთვის საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა „ქართველი ხალხის ხმის უფლების დასაცავად“, ვინაიდან მიაჩნია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და „სახელმწიფო მიტაცებულია“.

„ჩემზეც განხორციელდა ჯგუფური ძალადობა ფორმიანი პოლიციელებისგან, წამაქციეს და ყელში ჩამარტყეს წიხლი“, - თქვა მან.

„როგორც დანარჩენ მოქალაქეებზე, ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რისი გამოყენების შემდეგაც, რასაც ტელევიზიით ვისმენ, ის სიმპტომები მაქვს მეც, მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები“, - განაცხადა ნანა სანდერმა.

  • BBC-ის მიერ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის პროტესტებისას გამოყენებულ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, შერეული იყო ტოქსიკური ქიმიური აგენტი „კამიტე“ - ბრომობენზილ ციანიდი;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ცნობას უარყოფს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებამ იგივე განაცხადა. თუმცა უფლებადამცველ ორგანიზაციებს გამოძიების დასრულების შემდეგაც არაერთი კითხვა აქვთ.

ნანა სანდერი ასევე საუბრობს ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობაზე:

„D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, თუმცა მეოთხე თვეა, D ვიტამინი არ მიმიღია; ვცხოვრობ ვეგანურად. ის ვიტამინი მოვითხოვე, რაც გერმანიაში დამინიშნეს... ექიმმა მომატყუა ვეგანს და არავეგანური წამალი მომიტანა“.

მან ისაუბრა მწვავე ფიზიკურ ტკივილზე: „ტკივილის ატანა არის ტანჯვა, გავდივარ წამებას, ტკივილით ტანჯვას. ამას ემატება გულის პრობლემები... მაქვს გულის უკმარისობა, ზურგის ტკივილი... კარდიოგრამაც კი არ გადაუღიათ ჩემთვის“, - თქვა მან.

მისი მონათხრობის თანახმად, ახლახან, იანვრიდან სახეზეც გაუჩნდა პრობლემები: „ყბა დამისივდა, არც რენტგენი, არც არაფერი. ანტიბიოტიკი დამინიშნეს, რენტგენი გაფუჭებულიაო... არანაირი ყურადღება, არანაირი გამოკვლევა, არანაირი წამალი“, - თქვა მან.

დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა გაიხსენა, რა ხდებოდა ციხეში მისი გადაყვანის შემდეგ. „ჩემს მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული განხორციელდა. ჩემს გაშიშვლებას ითხოვდნენ. გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს“, - თქვა მან.

  • 2025 წლის 13 ნოემბრამდე სანდერს ედავებოდნენ მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი) - დანაშაულისთვის 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • 13 ნოემბერს კი მას ბრალი დაუმატეს და ასევე ედავებიან „ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას“ (სსკ 317-ე მუხლი) - ეს უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

4 ოქტომბრის საქმე

  • 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, - თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
  • ამის შემდეგ აქციის ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“, მათ შორის, ენმ-ის წევრები (მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე) და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე;
  • ხუთივე მათგანი დაპატიმრებულია; ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით სხვა ადამიანიც - სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მათი რაოდენობა, ორგანიზატორობაში ბრალდებულების ჩათვლით, 60-ს სცდება. მათ შორისაა ნანა სანდერიც.
  • მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
  • 2025 წლის 25 დეკემბერს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია - გამოძიებამ ის დაასახელა 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG