სუპერმარკეტებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან სუსმა "დოკუმენტების ამოღება დაიწყო"

საილუსტრაციო ფოტო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სურსათზე ფასის წარმოქმნის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებს იღებენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურმა დაუდასტურა.

„სასამართლოს ათობით განჩინების საფუძველზე სუს-მა გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიებიდან, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნებით, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყო“, - ამბობენ უწყებაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს, ამ გუნდის მიერ შერჩეულმა პრემიერ-მინისტრმა 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება.

ასევე ნახეთ კობახიძე: პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

ამ მოწოდების შემდეგ, იმავე დღეს, სუსში განაცხადეს, რომ იწყებდნენ სამომხმარებლო ფასების შესწავლას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, - თქვა სუსის უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

ასევე ნახეთ სუსი სურსათის ფასების ზრდის შესწავლას იწყებს და „მკაცრ სამართლებრივ რეაგირებაზე“ საუბრობს

30 დეკემბერს მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელშიც ეწერა, თუ ვინ არიან კომისიის წევრები.

საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.

კომისიის შემადგენლობა ასეთია:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;
  • კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ასევე ნახეთ ცნობილია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა

თავდაპირველად, კომისიას მხოლოდ სურსათის ფასები უნდა შეესწავლა, ახალი გადაწყვეტილებით კი საკვლევი სფერო გააფართოვეს.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ სამთავრობო კომისია საწვავისა და მედიკამენტების ფასების შესწავლასაც გეგმავს