ევროპარლამენტში ჩავარდა ევროკომისიის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის მიერ წარდგენილ ინიციატივას მიემხრო 165 დეპუტატი, 390 კი წინააღმდეგი იყო, თავი 10-მა ევროპარლამენტარმა შეიკავა.
ევროკომისიის მიმართ უნდობლობის გამოცხადების ინიციატივა „ევროპის პატრიოტების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ევროკავშირსა და MERCOSUR-ს - სამხრეთ ამერიკის ბლოკი, რომელიც წარმოადგენს საერთო ბაზარს რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის - შორის 17 იანვარს პარაგვაიში სავაჭრო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმებას 21-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ავსტრია, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია და პოლონეთი წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო ბელგიამ თავი შეიკავა. დამტკიცებისთვის საჭირო იყო მინიმუმ 15 ქვეყნის თანხმობა, რაც ბლოკის მოსახლეობის 65%-ს შეადგენს.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია სამხრეთ ამერიკასთანევროკომისია და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და ესპანეთი, ამტკიცებენ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს აშშ-ის იმპორტის ტარიფებით გამოწვეული ბიზნესის დანაკარგების კომპენსირებას და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.
შეთანხმების მოწინააღმდეგეები, საფრანგეთის ხელმძღვანელობით, აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს იაფი საკვების იმპორტის ზრდას, რაც ზიანს მიაყენებს ადგილობრივ ფერმერებს.