ბულგარეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ილიანა იოტოვა, ბულგარეთის პრეზიდენტი

ილიანა იოტოვამ ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 22 იანვარს უფლებამოსილება შეუწყვიტა რუმენ რადევს.

19 იანვარს რუმენ რადევმა თავის რიგგარეშე მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ცხრა წლის თავზე ტოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. ეს მოხდა მოახლოებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე და საზოგადოებაში გავრცელებული იმ ვარაუდების ფონზე, რომლის მიხედვითაც, რადევი ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარ პოლიტიკურ პროექტს ამზადებს.

რადევისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის 23 იანვრიდან, ერთხმად იქნა მიღებული 12 მოსამართლის მიერ და საბოლოოა.

ასევე ნახეთ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა

რამდენიმე დღის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პავლინა პანოვამ ტელეკომპანია „ნოვას“ განუცხადა, რომ „სასამართლოს ზოგადი აზრით, ქალბატონ იოტოვას, სავარაუდოდ, ფიცის დადება ხელახლა არ მოუწევს, რადგან ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასვლა კონსტიტუციის ძალით ხდება და არა არჩევანით“.

ილიანა იოტოვა თანამდებობაზე დარჩება ვადის ამოწურვამდე ანუ 2027 წლის იანვრამდე.

19 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში რადევმა თქვა, რომ „დარწმუნებულია, რომ ილიანა იოტოვა სახელმწიფოს ღირსეული მეთაური იქნება“ და მადლობა გადაუხადა მას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

იოტოვამ და რადევმა გაიმარჯეს 2016 და 2021 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. 2000 წლიდან ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, იოტოვა ბულგარეთის სოციალისტური პარტიის ეროვნული საბჭოს წევრი იყო, ხოლო 1997 წლიდან 2007 წლამდე მის პრესცენტრს ხელმძღვანელობდა.

2021 წელს პრეზიდენტი კონფლიქტში შევიდა ბულგარეთის სოციალისტურ პარტიასთან, რომელსაც მაშინ კორნელია ნინოვა ხელმძღვანელობდა. 2025 წლიდან პარტიას ხელმძღვანელობს ატანას ზაფიროვი, რომელმაც იოტოვას უკვე მიულოცა პრეზიდენტად დანიშვნა.

ასევე ნახეთ ბულგარეთში გაიმართა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები

2005 წლიდან 2007 წლამდე ილიანა იოტოვა იყო პარლამენტის წევრი იმ პერიოდში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ეკუთვნოდა ე.წ. სამმაგ კოალიციას. მოგვიანებით, როდესაც ბულგარეთი ევროკავშირის წევრი გახადა, მან დატოვა ეროვნული კრება და ევროპარლამენტარი გახდა. 2007 წლიდან 2017 წლამდე იოტოვა ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წევრი იყო.

2014 წელს ილიანა იოტოვა სკანდალის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტს მოსთხოვა ბულგარული PR კომპანიისათვის თავისი იმიჯის გაუმჯობესების მიზნით გადახდილი 4000 ევროს ანაზღაურება.