რუსეთი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაპატიმრების მოთხოვნებისთვის, ხოლო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შეტყობინებების სისტემას - საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების თვალყურის დევნებისთვის, აღმოაჩინეს BBC-მ და ფრანგულმა საგამოძიებო პროექტმა Disclose-მა ინფორმატორის მიერ ინტერპოლიდან მიწოდებული ათასობით დოკუმენტისა და შეტყობინების შესწავლის საფუძველზე.
ინტერპოლი - ოფიციალურად სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია - დახმარებას წევს ქვეყნიდან გაქცეული იმ პირების ძებნაში, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი. მისი ე.წ. წითელი უწყება (Red Notice) ყველა 196 წევრ ქვეყანაში იგზავნება პირების მოსაძებნად და დასაპატიმრებლად.
გამომძიებლების მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებულმა დამატებითმა შემოწმებებმა ვერ შეუშალა ხელი მოსკოვს ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენებაში.
ჟურნალისტების თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის მიერ ძებნილმა სულ მცირე 700-მა პირმა შეიტანა საჩივარი ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში (CCF) და მათგან სულ მცირე 400-მა მიაღწია წითელი შეტყობინებების გაუქმებას.
ქვეყნებს შორის გაცვლილი შეტყობინებებიდან გამომძიებლებმა შეიტყვეს, რომ რუსეთი ამ სისტემას ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის გამოსავლენად იყენებდა.
ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს რუსეთმა სცადა წითელი შეტყობინების გაცემა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებისა და პროკურორების თაობაზე მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ დაპატიმრების ორდერი გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.
ინტერპოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორგანიზაცია „მისდევს საკუთარ წესდებას, რომელიც პირდაპირ კრძალავს მისი სისტემების გამოყენებას უპირატესად პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის ინფორმაციისთვის“.
ბრიტანელი ადვოკატი ბენ კიტი, რომელიც იცავდა იმ პირების ინტერესებს, რომელთაც ინტერპოლის სიიდან თავიანთი სახელების ამოღება სურდათ, მიიჩნევს, რომ „რუსეთი წითელი შეტყობინებების ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა“ და ინტერპოლს განსაკუთრებული პრობლემა აქვს რუსეთთან. ამასთან, სააგენტოს მცდელობები, თავიდან აეცილებინა დარღვევები, წარუმატებელი აღმოჩნდა.
ასევე ნახეთ “არ ვამბობ, რომ წმინდანი ვარ” - “ტინდერის თაღლითს” დაქორწინება სურს. სიმონ ლევიევის პირველი ინტერვიუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ