“შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით”, “ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები”, - ეკა ბესელიას მონათხრობით, შვილის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი 31 იანვარს, იზოლატორში მონახულებისას შენიშნა, ხოლო “იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”.
“ახლად ნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იმავეს განმეორება”, - დაკავების შემდეგ, ღამით, ბესელიას თქმით, შვილს დიდხანს ეძებდა - “24 საათიდან 03 საათამდე” და ვერაფრით აგნებდა.
“ვეძებეთ, ვრეკეთ და ღამის 03 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ჰქონდათ. 1 სთ ეზოში ჰყავდათ გაჩერებული. ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვთხოვე, მშვიდად ყოფილიყო. ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში, როგორც იქნა”, - ეკა ბესელია ფეისბუკზე ვიდეოსაც აქვეყნებს.
როგორც წერს, შვილის დაკავებისა და "ძალის გამოყენებით" წაყვანის ამბავი შუაღამის 12:00 საათზე შეიტყო; ხოლო როდესაც ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ ვაკე-საბურთალოს გზაზე იყო გაჩერებული პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მისი შვილი “გადაყვანილი ჰყავდათ სადღაც”.
“როგორც მითხრეს, ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის ავტომანქანას მიედო ისე, რომ არცერთი მანქანა არაა დაზიანებული. ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს”, - როგორც ბესელიას განცხადებიდან ირკვევა, 31 იანვრის 15:35 საათამდე დაკავების ოქმი არ გადაუციათ.
“რაც დაარღვია - ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს - იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩნდება?” - ბესელია აღნიშნავს, რომ “დაიწყო წერა პროპაგანდამ - ათასი სიბინძურის გავრცელება”.
რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას ცდილობს.
[განახლება]
შს სამინისტროს ინფორმაციით, რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000-დან 5 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
ასევე ნახეთ ეკა ბესელია პაატა სილაგაძეს: ხართ ჯალათი მოსამართლე, ასრულებდით პოლიტიკურ დაკვეთებს