უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსული დრონების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩერკასის ოლქი იყო.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ჩერკასში დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანგრეულია ორი კერძო სახლი და დაზიანებულია სამი საწარმო.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეს რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი ადამიანი.
განახლება: უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოობიექტებზე შეტევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა ჩერკასის, სუმის, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევში ენერგომომარაგების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს.
ასევე ნახეთ პესკოვი: პირველ თებერვლამდე კიევზე დარტყმების შეწყვეტა პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყოუკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ადგილობრივი დროით 1 თებერვლის საღამოს ექვსი საათიდან 2 თებერვლის დილამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით და 171 დრონით. დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 157 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება და 12 დრონით და ერთი რაკეტით პირდაპირი დარტყმა რვა ადგილზე.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დილით განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ოლქის ქალაქ სტარი ოსკოლში, სადაც განადგურებულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში მოიგერიეს 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 22 - ბელგოროდის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ასევე ნახეთ მეშახტეების დაღუპვის შემდეგ კიევში ისევ განაცხადეს, რომ რუსეთი „ტერორისტული სახელმწიფოა“ერთი დღით ადრე, 1 თებერვალს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკიში რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს ავტობუსს, რომელშიც ქვანახშირის მომპოვებელი მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და 16 დაშავდა.
საწარმოს მფლობელი კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ია. მან დღეს, 2 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ისევ შეუტიეს კომპანიის საწარმოს და დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები. კომპანიას არ დაუსახელებია კონკრეტული რაიონი, სადაც შეტევა იყო.
1 თებერვალს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქ ზაპოროჟიეში შეტევა იყო სამშობიარო სახლზე და ექვსი ადამიანი დაშავდა.
რუსეთს ამ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ბელგოროდის ოლქზე შეტევასა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ არაფერი უთქვამს უკრაინასაც.