უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ „რუსეთმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი“.
გასულ ღამით სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომ რუსეთმა დაარტყა არა სამხედრო სამიზნეს, არამედ შრომისმოყვარე კაცებს, რომლებიც სამუშაო ცვლის შემდეგ ოჯახებში ბრუნდებოდნენ. სიბიჰას განცხადებით, „რუსი მკვლელები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ და სხვა სიმხეცეზე, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
1 თებერვალს საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნივკის იმ ნაწილს, სადაც ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოა. მისმა მფლობელმა კომპანია ДТЕК-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაიღუპა 15 მეშახტე.
კომპანიის და დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო ავტობუსზე, რომელსაც სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ მეშახტეები უნდა წაეყვანა.
გვიან ღამით ДТЕК-ის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ ტიმჩენკომ განაცხადა, რომ დაიღუპა სულ მცირე 12 და დაშავდა 16 ადამიანი. ტიმჩენკოს თქმით, ეს იყო „არაპროვოცირებული ტერორისტული დარტყმა“ სამოქალაქო ობიექტზე.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ განჟამ გვიან ღამით ტელეგრამზე დაწერა, რომ 16 დაშავებულიდან საავადმყოფოში რჩება 14 და მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია.
1 თებერვალს რუსეთს არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინელ მეშახტეებზე დარტყმის შესახებ.
ფორუმი