კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დღეს, 2 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევით, ეს შედეგი აჩვენა 2026 წლის იანვრის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ.
- რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე, სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი დონბასის სრულად დაპყრობა.
- რუსეთი უკრაინისგან დონბასის მთლიანად დათმობას და არაოკუპირებული რაიონებიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს ომის დასრულების მიზნით აშშ-ის მიერ ინიციირებული მოლაპარაკებების პროცესში.
- უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ ტერიტორიების დათმობას ვერ დასთანხმდებიან.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ უკრაინაში ჩატარებული ახალი გამოკითხვის შედეგებით, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, რესპონდენტების 52% კატეგორიულად უარყოფს წინადადებას, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მთელი დონბასი რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდეს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 59%-ია კიევში.
სირთულის მიუხედავად, დონბასის დათმობის წინადადების მისაღებად მზად არის უკრაინაში გამოკითხულთა 40%. დადებითი პასუხის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი, 44%-ია ქვეყნის სამხრეთში.
სოციოლოგების თანახმად, ახალი შედეგები არსებითად არ განსხვავდება იანვრის პირველ ნახევარში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებისგან.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რეფერენდუმი ტერიტორიაზე უარის შესახებ დადებითი შედეგით არ დასრულდებაკიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ახალი კვლევით, გამოკითხულთა მხოლოდ 20% მოელის, რომ ომი უახლოეს კვირებში, ან თუნდაც 2026 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
რესპონდენტების 65%-ის თანახმად, მზად არიან ომს გაუძლონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
კვლევისთვის სოციოლოგებმა შემთხვევით შერჩევის პრინციპით, სატელეფონო ინტერვიუს ფორმით 1003 სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხეს უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ავტორთა განმარტებით, ცდომილება 4,1%-მდეა.
- უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 4-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უნდა განაგრძონ მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.
- პირველი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა, ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ საკვანძოდ რჩება ტერიტორიების საკითხი.
- კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.