უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-ს აშშ-ის პრეზიდენტთან ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მისცა ინტერვიუ, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 29 დეკემბერს გავიდა.
რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობად ასახელებს უკრაინის მიერ დონბასის დათმობას. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამას არ და ვერ დასთანხმდება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა ამ ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება.
უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-ს განუცხადა, რომ ეს რეალური კომპრომისია. ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის ძალები რამდენიმე კილომეტრით უკან დაიხევენ, რუსეთმაც თავისი ძალები ამ მანძილით უნდა გაიყვანოს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში განსაკუთრებული წესები უნდა მოქმედებდეს.
რაც შეეხება რეფერენდუმის შესაძლებლობას, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, თუ გადაწყვეტილება შეეხება ეკონომიკურ ზონას ან რაღაც მსგავსს, რეფერენდუმი ამ გადაწყვეტილების მიღების ან უარყოფის საშუალება იქნება, მაგრამ დონბასიდან უკრაინის ძალების გაყვანისა და ტერიტორიის დათმობის საკითხზე რეფერენდუმი დადებითი შედეგით არ დასრულდება.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ომის დასასრულებლად თავის ტერიტორიებზე უარს ვერ იტყვის, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონებს, საზოგადოების პოზიციას და ადგილზე არსებულ რეალურ სიტუაციას.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიას განუცხადა, რომ გადაუწყვეტელ საკითხებად რჩება ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვა. ეს სადგური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ ილაპარაკა ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის პროექტზე.
ფორუმი