წინ უსწრებდა გეოპოლიტიკას - პაპუაშვილი „აგენტების კანონსა“ და სხვა შეზღუდვებზე

„არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილოური და აღმოსავლური [ინტერესები]. არსებობს ქართული და არსებობს სხვა“ - შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თანახმად, „აგენტების კანონი“ და მსგავს შემზღუდავ კანონთა წყება - რომლებსაც ის „გამჭვირვალობას“ უკავშირებს - „გეოპოლიტიკური საკითხია“ და „წინ უსწრებდა გეოპოლიტიკას“, მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს.

„სინამდვილეში, ეს კანონი, კანონთა წყება და, ზოგადად, გამჭვირვალობის თემა, არის არა იმდენად ბუღალტრული თუ „ენჯეო“ საკითხი, არამედ გეოპოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით“, - თქვა მან ორშაბათს, 2 თებერვალს, ტელეკომპანიის ეთერში დებატებისას.

ასევე ნახეთ „გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - „ოცნების“ გზავნილები 2025 წლის „ამბასადორიალზე“

„არსებობს ქართული და არსებობს სხვა“

„არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილოური და აღმოსავლური [ინტერესები]. არსებობს ქართული და არსებობს სხვა. ეს უნდა გავიაზროთ 2026 წელს მაინც, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მსოფლიოში მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ეს კანონი გეოპოლიტიკასაც წინ უსწრებდა... მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ“, - თქვა პაპუაშვილმა და განმარტა, რას გულისხმობს:

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია... ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს... ვხედავთ, რა დაპირისპირებებია ევროკავშირის შიგნით, სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება“.

ასევე ნახეთ პაპუაშვილი ვენესუელის მოვლენებზე: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს

ჩვენ ამას ვხედავთ, ვგრძნობდით 2020-დან მოყოლებული, 2022-ში ეს უკვე გამოჩნდა, რასთან გვქონდა საქმე“, - თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „ეროვნული ინტერესი, - რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ქართულ პოლიტიკაში, - დღეს ბრუნდება მსოფლიო პოლიტიკაში“.

ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე

„რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?“

  • „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?“ - ამ კითხვას სვამდნენ 2023 წელს, „აგენტების კანონის“ შემოტანისას „ქართული ოცნების“ ლიდერები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ ცვლილებების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და, სამომავლოდ, შეზღუდვა იყო, - რუსეთის „უცხოეთის აგენტების კანონის“ მაგალითზე.
ასევე ნახეთ „რუსეთშიც ასე დაიწყო“ - რუსი ჟურნალისტი „უცხოეთის აგენტების“ კანონზე
  • რადიო თავისუფლება წერდა, რომ კანონის სულისკვეთება მიზანში იღებდა დასავლურ ინსტიტუციებს და კანონმდებლობის დონეზე, ერთმანეთს უთანაბრებდა რუსეთის მავნე გავლენასა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებას.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“
  • „აგენტების კანონი“ 2024 წელს მაინც მიიღეს, რასაც 2025 წელს დაემატა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ცვლილებები „გრანტების კანონში“;
  • 2026 წლის იანვრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა ახალი ცვლილებები წინა წლებში მიღებული შემზღუდავი კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვის მიზნით. ინიციირებულ ცვლილებებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.
ასევე ნახეთ ევროსაბჭოს კომისარი შეშფოთებულია "გრანტების შესახებ" კანონში "შეთავაზებული ცვლილებებით"

დებატები „რუსთავი 2-ზე“

პირველ სატელევიზიო დებატებში, - რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, - შალვა პაპუაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს:

  • „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა;
  • „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა კონსტანტინე ჟღენტმა;
  • „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ;
  • „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ (ორგანიზაცია „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირდა).