Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს კომისარი შეშფოთებულია "გრანტების შესახებ" კანონში "შეთავაზებული ცვლილებებით"

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი "გრანტების შესახებ" და სხვა რამდენიმე კანონში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი სიტყვებით დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას.

"შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლებიც, მისი მიღების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს. ეს შეთავაზებები შეუსაბამოა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის ნაკისრ ვალდებულებებთან, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება. ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, - აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანია, სერიოზულად შეარყიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, რაც ო’ფლაერტის თანახმად, 2024 წლიდან დაიწყო.

"ეს ცვლილებები აძლიერებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომლებმაც სერიოზულად შეარყიეს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, ეს კანონები სერიოზულ კითხვებს ბადებს მათ თავსებადობასთან კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) 11(2)-ე და 14-ე მუხლებში"

მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს“.

"მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლება, შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ შევიწროების, დაშინების ყველა ფორმა“, - წერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი.

„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიზანიც, მისი განმარტებით, აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვაა - ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“.

სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რომელიც მან დღეს, 2 თებერვალს გააკეთა მედიასთან საუბარში "ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაცია ბევრი არის, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია - ყველანაირ გრანტზე არის დაშვება, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების ინტერესებს". მისი სიტყვებით "დაშვება არ არის იმ ე.წ. გრანტზე, რომელიც წარმოადგენს „შავ ფულს“ რაზეც, მარტა კოსი ლაპარაკობს ოფიციალური ტრიბუნიდან და ამბობს, როგორ მოვძებნოთ გზა, რომ „შავი ფული“ შევიტანოთ საქართველოშიო. ამის წინააღმდეგ არის მიღებული ეს კანონი,“ - თქვა გია ვოლსკიმ.

პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 28 იანვარს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

  • მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
  • პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეულ ორგანიზაციაში დასაქმებულებს;
  • სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“.

საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას სადავო პარლამენტი მიმდინარე კვირაში იწყებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG