მათივე ინფორმაციით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.
„ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს“.
გამოძიების ინფორმაციითვე, ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მსჯავრდებული, 33 წლის რევაზ უბილავა, მეტსახელად „ჯვარსკი“, მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
სხვა პირებთან ერთად, დაკავებულია რევაზ უბილავას დედა და ძმა.
რევაზ უბილავა 2020 წლიდან იხდის სასჯელს. ის დააკავეს „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 223-ე პრიმა მუხლით, რაც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2023 წელს, ტვ პირველის საგამოძიებო ჯგუფი, „შაბათის ეთერი“, იტყობინებოდა, რომ მათ მოიპოვეს ბათუმის ციხის საკანში, "კანონიერი ქურდის" "ჯვარსკის" და ბადრაგების ჩხუბის ამსახველი კადრები.
ე.წ. "კანონიერი ქურდი" შაბათის ეთერისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, რომ მას ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები თავის მოკვლას აიძულებენ.
შსს-ს ინფორმაციით, 45 დაკავებული პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლებით (სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით), რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 ადამიანი დააკავა