Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 ადამიანი დააკავა


ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე

დღეს, 16 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი და 14 დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“.

დარახველიძის თანახმად, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. მათი უმრავლესობა ნასამართლევია სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

დარახველიძის თქმით, საპოლიციო ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

„დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში. დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ", - თქვა დარახველიძემ.

მისივე განმარტებით, "ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით".

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც, დარახველიძის თქმით, ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ნოემბერში პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის გამო 43 პირს წარუდგინა ბრალდება. პროკურატურის თანახმად, ისინი როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად, „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG