რიუტე რადაში: სწორია, რომ არ გინდათ ბუდაპეშტის მემორანდუმის ან მინსკის შეთანხმების გამეორება

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე უკრაინის პარლამენტს მიმართავს. 3 თებერვალი, 2026. კიევი

„პუტინს დიდხანს ეგონა, რომ ეღირსებოდა ჩვენს დასრულებას, რომ უკრაინა სუსტია, რომ თქვენი მხარდამჭერები დაიღლებოდნენ, რომ ჩვენი ნებისყოფა შეირყეოდა. ის მწარედ ცდებოდა.

უკრაინა ძლიერია და ჩვენი მხარდაჭერა - ურყევი“, - განაცხადა 3 თებერვალს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.

მან გამოხატა "ღრმა პატივისცემა" უკრაინელებისადმი და ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი:

"მესმის, რომ სხვა გლობალურ მოვლენებზე ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას შესაძლოა გამოეწვია შეშფოთება - რომ ყურადღება გაგვეფანტებოდა იმ დროს, როცა ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მწვავედ გჭირდებათ.

ტემპერატურის დაცემასთან ერთად, თქვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაძლიერდა და ამ საშინელი ომის დიდი ხნით დასასრულებლად მოლაპარაკებები გაგრძელდა.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ყურადღება არ გადართულა. უკრაინა კვლავაც არის და იქნება კიდეც არსებითი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი დაპირება კი - მტკიცე".

მარკ რიუტემ აღნიშნა, რომ „უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების ნუსხის“ (PURL) მექანიზმით უკრაინაში შედის მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომლის საფასურსაც მოკავშირეები და პარტნიორები იხდიან:

"გასულ ზაფხულს PURL-ის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის „პეტრიოტების“ ბატარეებისთვის საჭირო რაკეტების დაახლოებით 75% და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის საჭირო რაკეტების 90%-ია მიწოდებული.

ვიცი, მეტია გადაუდებლად საჭირო. ვმუშაობთ, რომ მეტი და სწრაფად მოგაწოდოთ როგორც PURL-ით, ისე სხვა შესაძლო გზებით.

მოვუწოდებ მოკავშირეებს, უფრო ღრმად ჩაიხედონ თავიანთ მარაგებში, რომ შემოგთავაზოთ, რაც შეუძლიათ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ - საჰაერო თავდაცვის კუთხით.

კარგი ამბავი ის არის, რომ მოკავშირე ქვეყნებში და აქაც - უკრაინაშიც - მნიშვნელოვნად იზრდება თავდაცვითი წარმოება".

ასევე ნახეთ ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივნის რადაში გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ აშშ-მა, ევროპამ და კანადამ დაადასტურეს მზადყოფნა, უზრუნველყონ, რაც უკრაინას რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად სჭირდება; გასულ თვეში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს ამ გარანტიების საკითხზე:

"ზოგიერთმა ევროპელმა მოკავშირემ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ისინი განალაგებენ ჯარებს უკრაინაში: სამხედროებს ხმელეთზე, თვითმფრინავებს ჰაერში, გემებს შავ ზღვაში. აშშ იქნება შეთანხმების დამცავი კედელი, დანარჩენები სხვა მხრივ შეუწყობენ ხელს.

უსაფრთხოების გარანტიები მყარია და ეს არის გადამწყვეტი, ვინაიდან ვიცით, რომ ამ საშინელი ომის დასასრულებლად შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები".

რიუტე აცხადებს, რომ ესმის უკრაინის, როცა მას არ სურს რუსეთთან შესაძლო შეთანხმებამ წინამორბედი დოკუმენტების ბედი გაიზიაროს და ქვეყანა კვლავ დადგეს განსაცდელის წინაშე:

"უკრაინას სჭირდება აბსოლუტური სიზუსტით იცოდეს, რომ რა მსხვერპლიც თქვენ გაიღეთ, რამდენი სიცოცხლეც დაკარგეთ, რა განადგურებაც განიცადეთ - აღარ არსებობდეს ამის გამეორების საფრთხე.

თქვენ გჭირდებათ იცოდეთ, რომ ეს მშვიდობა იქნება ხანგრძლივი - არა ხელმოწერილი დოკუმენტებით, არამედ მტკიცე ძალით, რომელიც მას გაამყარებს. სწორია, რომ არ გინდათ ბუდაპეშტის მემორანდუმის ან მინსკის შეთანხმების გამეორება".

ნატოს გენერალური მდივანი შეეხო რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საჭიროებასაც:

"ვიცით, რომ რუსეთი დიდ ფასს იხდის ამ ომისთვის - დღემდე მილიონზე მეტი მსხვერპლით, რომელიც იზრდება. თუმცა, პუტინის მზადყოფნის მიუხედავად, რომ კიდევ ურიცხვი საკუთარი მოქალაქე შესწიროს ამ ომს, ის არ იმარჯვებს. მისი ნებისმიერი წინსვლა ბრძოლის ველზე უკიდურესად ნელია.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ბელარუსი განაგრძობენ რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერას, პუტინის ეკონომიკა განიცდის იზოლაციის ზეგავლენას. მტკივნეულად საგრძნობი ხდება რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე" მზარდი ზეწოლა.

ასევე ნახეთ Marinera (Bella 1) - რა გავიგეთ აშშ-ის მიერ დაკავებულ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერზე

კვლავაც გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას.

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა".

ბოლო ხანს, უკრაინაში ტემპერატურის დაცემის ფონზე, რუსეთმა გააძლიერა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშები, რაც უამრავ მოქალაქეს გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს:

"ვიცი, ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხულიც მოვა. დარჩით ძლიერები. ვიცი, ასეც იქნება", - განაცხადა უკრაინის პარლამენტში გამოსვლის დასასრულ ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მარკ რიუტე კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში მდებარე მემორიალთან პატივი მიაგო უკრაინელი მებრძოლების ხსოვნას, მოგვიანებით კი სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტის სხდომის მონაწილეებს.

ასევე ნახეთ გაყინვა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი - განსჯის თუ არა რუსულ იერიშებს ენერგეტიკის სექტორზე ტრიბუნალი?