- 53 წლის ნარგეს მოჰამადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2025 წლის 11 დეკემბერს დააკავეს ქალაქ მეშჰედში, სადაც პატივს მიაგებდნენ 2023 წელს გარდაცვლილი იურისტისა და უფლებადამცველის, ხოსრო ალიკორდის ხსოვნას.
- 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა გამოაცხადა უკანონოდ დაკავებისა და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში აუტანელი პირობებისადმი პროტესტის ნიშნად.
ნარგეს მოჰამადის ადვოკატმა, მოსტაფა ნილიმ 8 თებერვალს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოჰამადის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ „შეთქმულების” ბრალდებით და 1,5 წლით - „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის”.
გარდა ამისა, ნარგეს მოჰამადის ორი წლით აუკრძალეს ირანიდან გასვლა და ორი წლის განმავლობაში შიდა გადასახლებაში უნდა იყოს ირანის ქალაქ ხუსფში.
ასევე ნახეთ უტეხი ირანელი ქალის ბრძოლა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვისადვოკატის ინფორმაციით, ნარგეს მოჰამადიმ იზოლატორიდან დაურეკა და აცნობა, რომ განაჩენი უკვე გამოუტანეს, უამბო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო, მაგრამ როცა სიტუაციის აღწერა დაიწყო, სატელეფონო საუბარი შეწყდა.
ადვოკატ მოსტაფა ნილის განცხადებით, ნარგეს მოჰამადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით გირაოთი უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი მკურნალობის მიზნით.
- პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი 1998 წლიდან ბოლო დაპატიმრებამდე 13-ჯერ იყო დაკავებული. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოჰამადი ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში, 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი.
2021 წელს ნარგეს მოჰამადი „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის“ გაასამართლეს და 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წელს ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოჰამადი გადაეყვანა საავადმყოფოში, სადაც მას გულსისხლძარღვთა პრობლემა აღმოუჩინეს. გარდა ამისა, მოჰამადის ძვლის ნაწილი ამოუღეს ფეხიდან, სადაც სიმსივნური წარმონაქმნი იყო. 2024 წლის დეკემბერში ნარეგს მოჰამადი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
- 2023 წელს ნარგეს მოჰამადის მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
- 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.
- ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა.
- უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს(ოფისი აშშ-ში) მონაცემებით, 8 თებერვლის მდგომარეობით დადასტურებულია 6961 ადამიანის სიკვდილი და 51 465-ის დაპატიმრება.