„ჩვენ ვითხოვთ თავისუფალი და გამჭვირვალე რეფერენდუმის ჩატარებას… ეროვნული და ინკლუზიური მთავრობის შექმნისა და დემოკრატიული გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორიცაა ირანელი ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მირ ჰოსეინ მუსავი. ის 2011 წლიდან შინაპატიმრობაში იმყოფება.
ბეჰზადიან-ნეჟადი, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მირ ჰოსეინ მუსავის საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, „დღეს შუადღეს საკუთარ სახლში დააკავეს“, - დაწერა 7 თებერვალს გამოცემა Shargh-მა.
მის დაკავებას წინ უძღოდა იმ ირანელი საზოგადო მოღვაწეების დაკავების სერია, რომლებმაც მუსავის ამ განცხადებას დაუჭირეს მხარი. დაკავებულთა შორისაა კინორეჟისორი მეჰდი მაჰმუდიანი - ფილმის თანაავტორი, რომელმაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
2025 წლის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში. ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა. მოკლული და დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი.
უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს 7 თებერვლის მონაცემების თანახმად, ირანში, საპროტესტო აქციების დროს დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა, კიდევ 11 630 შემთხვევა მოწმდება; დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 112 სტუდენტი. სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.
ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 2986 ადამიანი.
ფორუმი