გენერალ ალექსეევზე თავდამსხმელი კიევიდან მოსკოვში კიშინიოვის და თბილისის გავლით ჩავიდა - ФСБ

ვლადიმირ ალექსეევი(ფოტო არქივიდან)

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა(ФСБ) განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილეზე, ვლადიმირ ალექსეევზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდნენ.

ФСБ-ს მიერ დღეს, 9 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული ლუბომირ კორბა და 1959 წელს დაბადებული ვიქტორ ვასინი, რომლებმაც „ბრალი აღიარეს” და გაამჟღავნეს „თავდასხმის მომზადების გარემოებები".

რუსეთის უშიშროების სამსახური კორბას მოიხსენიებს „თავდასხმის უშუალო შემსრულებლად“, ხოლო ვასინს - „მის დამხმარედ“.

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს, ანუ „გრუ“-დ წოდებული სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველ მოადგილეს ვლადიმირ ალექსეევს 6 თებერვალს მოსკოვში, თავის საცხოვრებელ კორპუსში ესროლეს. დაჭრილი ალექსეევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  • რუსეთის სახელმწიფო მედია 8 თებერვალს წერდა, რომ ალექსეევის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ასევე ნახეთ ფსბ აცხადებს, რომ დუბაიში დააკავეს გენერლის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული პირი

ФСБ-ს თანახმად, ლუბომირ კორბა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა 2025 წლის აგვისტოში, ქალაქ ტერნოპოლში დაიქირავა, სროლაში მოამზადეს კიევში მდებარე პოლიგონზე, „პოლიგრაფის დახმარებით შეამოწმეს", ინსტრუქციები მისცეს Zoom-ით კავშირების დამყარების საშუალებებზე და აგვისტოშივე რუსეთში გაგზავნეს მარშრუტით: კიევი-კიშინიოვი-თბილისი-მოსკოვი.

რუსეთის უშიშროების სამსახური იმასაც ამტკიცებს, რომ ლუბომირ კორბას დაქირავებაში პოლონეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით ჩართული იყო მისი ვაჟი, პოლონეთის მოქალაქე ლუბოშ კორბა.

ФСБ-ს ვერსიით, ლუბომირ კორბამ მოსკოვის ოლქში სამალავიდან წაიღო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დატოვებული მაყუჩიანი პისტოლეტი „მაკაროვი“, ტყვიები და გენერალ ალექსეევის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კარის ელექტრონული გასაღები. რუსეთის უშიშროების მტკიცებით, ელექტრონული გასაღები მოპოვებული იყო 1971 წელს დაბადებული ზინაიდა სერებრიცკაიას მეშვეობით, რომელმაც გენერლის საცხოვრებელ კორპუსში ბინა დაიქირავა, შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, სერებრიცკაია წარმოშობით ლუგანსკიდანაა.

ФСБ-ს ოფიციალური ვერსიით, თავდასხმის დღეს ლუბომირ კორბა რუს გენერალს ლიფტთან ელოდებოდა, ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც იარაღი გადააგდო და გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც რუსული მხარის მოთხოვნით დააკავეს. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გენერალ ალექსეევზე წარმატებული თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კორბასთვის უნდა გადაეხადა 30 000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება ვიქტორ ვასინს, მან ФСБ-ს მტკიცებით, ლუბომირ კორბასთვის მოსკოვში ბინა დაიქირავა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებით მოამარაგა. რუსეთის უშიშროება ვასინს მოიხსენიებს „ტერორისტულად“ გამოცხადებული ორგანიზაციის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა“ და მისი დამაარსებლის, კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერად.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ვერსია სხვა წყაროებით ჯერჯერობით გადამოწმებული არ არის.

გამოცემა „კომერსანტის" ინფორმაციით, გამომძიებლებმა კორბა მას შემდეგ ამოიცნეს, რაც გენერალ ალექსეევის საცხოვრებელი კორპუსის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, გამოუცდელობის გამო მოხვდა რამდენიმე ვიდეოკამერის არეალში.

ჯერ კიდევ რუსეთის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ Reuters-ს განუცხადა, რომ კიევს გენერალ ალექსეევზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს რუსეთის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემა The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, დასავლეთის სპეცსამსახურებს ეჭვი ეპარებათ ალექსეევზე თავდასხმასთან უკრაინის კავშირში, რადგან აშშ-ის მონაწილეობით უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე რუს მაღალჩინოსანზე თავდასხმას შესაძლოა, მოლაპარაკების ჩაშლა და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვეს, რაც უკრაინას ხელს არ აძლევს. ამერიკული გამოცემის ერთ-ერთი წყარო ყველაზე რეალურ ვერსიად იმას მიიჩნევს, რომ რუს გენერალზე თავდასხმა შიდა საკითხებს უკავშირდება.

უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეევზე თავდასხმას კიევში განიხილავენ თავად რუსეთის მცდელობად, ჩაშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

ასევე ნახეთ გრუ-ს შეიარაღებული "კერძო" დაჯგუფებების ქსელი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება
  • „რუსეთის გმირის“ წოდების(2017 წლიდან) მფლობელი ვლადიმირ ალექსეევი 1961 წელს დაიბადა უკრაინის ვინიცის ოლქში. 1984 წელს რუსეთში დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი. სამხედრო დაზვერვის სამმართველოებს ხელმძღვანელობდა მოსკოვის და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. 2011 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ.
  • ალექსეევი სირიაში მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო ოპერაციაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად.
  • მიჩნეული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ კურატორად. 2023 წელს „ვაგნერის“ ამბოხების დროს ალექსეევმა ამ დაჯგუფების წევრებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა და პირადი კონტაქტი ჰქონდა „ვაგნერის“ დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინთან.
  • რადიო თავისუფლების პროექტების, „სისტემის“ და „სქემების“ გამოძიების თანახმად, პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის მაშინდელ მინისტრ შოიგუს შორის განხეთქილების შემდეგ, ალექსეევს დაევალა „ვაგნერის“ შემცვლელი დაჯგუფების შექმნა და ჩამოყალიბდა ახალი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტი“, რომელიც არსებითად იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი უკრაინაში საომრად ხალხის დასაქირავებლად.
  • 2023 წელს გამოცემა The Insider-ი წერდა, რომ ვლადიმირ ალექსეევი იყო კურატორი საერთაშორისო ავტორალის, „აბრეშუმის გზა“, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა იყენებდა თავისი რეზიდენტების ინფრასტრუქტურად და პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად.
  • 2024 წელს რუსული მედია წერდა, რომ სწორედ ალექსეევმა შეაგროვა კომპრომატები რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვზე. მას 2025 წელს კორუფციის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
  • დიდ ბრიტანეთში ვლადიმირ ალექსეევს ადანაშაულებენ 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირში.
  • ვლადიმირ ალექსეევი სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.
ასევე ნახეთ მოსკოვში ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი გენერალი

ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს.

  • 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.
  • 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
  • 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.

ყოველ ჯერზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ერთ-ერთ ვერსიად ასახელებდა დანაშაულის ორგანიზებას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.