საფრანგეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა, თითქმის ოთხი წლის წინ. პარიზი კიევს აწვდის სამხედრო დახმარებას და პოლიტიკურად უჭერს მხარს.
ორმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა გეგმას, რომელიც გზას უხსნის "თავდაცვის ინდუსტრიის სექტორში მსხვილმასშტაბიან ერთობლივ პროექტებს", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრის შემდეგ.
ფედოროვი არ აკონკრეტებს, რა სახის იარაღის წარმოება განხორციელდება საფრანგეთთან ერთად, ან როდის დაიწყება ეს პროცესი.
"მიწოდებიდან ვინაცვლებთ ერთობლივ წარმოებაზე და გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რაც ჩვენს თავდაცვას სისტემურად გააძლიერებს", - წერს ფედოროვი.
უკრაინამ და საფრანგეთმა ასევე განიხილეს საფრანგეთის იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის კიევისთვის მიწოდების საკითხები, მათ შორის - Aster-ის ტიპის რაკეტების, Mirage 2000-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისა და SAMP-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების.
"საფრანგეთი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და აქ დარჩება", - წერს ვოტრენი პლატფორმაზე X.
პარიზმა შარშან გამოაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების სახით ორ მილიარდ ევროს გამოყოფს.
ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის Rafale-ის ტიპის 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავის შესაძლო მიწოდებას. ამ ტიპის თვითმფრინავები საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ასევე ნახეთ უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ფედოროვისა და შმიჰალის ახალ თანამდებობებზე დანიშვნას