Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ფედოროვისა და შმიჰალის ახალ თანამდებობებზე დანიშვნას

მიხაილო ფედოროვი და დენის შმიჰალი
მიხაილო ფედოროვი და დენის შმიჰალი

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას.

ფედოროვი ყოფილი ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრია. მისი კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა 277-მა დეპუტატმა. სააგენტო „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, თავდაცვის ახალი მინისტრის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ან მის წინააღმდეგ მისცეს ხმა „ბატკივშჩინისა“ და „ჰოლოსის“ რამდენიმე დეპუტატმა, აგრეთვე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ 17-მა წევრმა.

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ „დღეს შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიებითა და ძველი ორგანიზაციული სტრუქტურით. აუცილებელია კომპლექსური ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, წინა ხაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სიცრუისა და კორუფციის აღმოფხვრა, ლიდერობისა და ნდობის ახალ კულტურად ქცევა, იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვთ, იღებდნენ ჯილდოებსა და შემდგომი ზრდის შესაძლებლობას“.

ფედოროვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ აპირებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების „ღრმა აუდიტის“ ჩატარებას. ის გეგმავს აგრეთვე არმიის „დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრების“ აუდიტს.

„თანამდებობაზე მოვდივარ არა როგორც მინისტრი, რომელმაც ციფრული სახელმწიფო ააშენა, შექმნა „Дія“ [ონლაინ სახელმწიფო მომსახურება - რ.თ.], არამედ როგორც ადამიანი, რომლის გუნდიც 2022 წლიდან ომზე მუშაობდა“.

უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი მიმდინარე წლის მიზნად საერთაშორისო დახმარების გაზრდას ისახავს და ამბიციურ მიზნად ასახელებს უკრაინის ქცევას „პირველ ქვეყნად მსოფლიოში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეეძლება მტრის თავდასხმების პროგნოზირება და გაუვნებლება“.

14 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორედ ცდის შედეგად დაუჭირა მხარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დენის შმიჰალის პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნას. მომხრე იყო 248 დეპუტატი, წინააღმდეგი - 2, თავი შეიკავა - 20-მა. შმიჰალმა ახალი თანამდებობის დაკავებისას სამი პრიორიტეტი დაასახელა: ენერგეტიკული ბატალიონების შექმნა ფრონტისპირა ტერიტორიებზე; ენერგოობიექტების აქტიური და პასიური დაცვის გაძლიერება და ენერგოსისტემის მოდერნიზაცია. მან განმარტა, რომ საჭიროა ევროპის ენერგოსივრცეში ინტეგრაციის დასრულება და ევროკავშირთან საზღვარზე ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაცია. შმიჰალი აპირებს აგრეთვე ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ატომური ბლოკების მშენებლობის დაჩქარებას.

ოთხშაბათის სხდომაზევე რადამ უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის უფროსად დაამტკიცა დმიტრო ნატალუხა, ეკონომიკური განვითარების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. მას მხარი დაუჭირა 244-მა დეპუტატმა. ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო 2024 წლის სექტემბრიდან - მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი უფროსი ვიტალი კოვალი სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სურსათის მინისტრად დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბოლო ხანს განხორციელებული მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოიცავდა: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ანდრი ერმაკის ჩანაცვლებას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროს კირილო ბუდანოვით და ვასილი მალიუკის გათავისუფლებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

13 იანვარს მალიუკმა პოსტი გაავრცელა, რომელშიც უწყების ხელმძღვანელად ყოფნისას რუსეთის წინააღმდეგ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ოპერაციები ჩამოთვალა და დაწერა, რომ მიდის თანამდებობიდან, თუმცა - არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან:

„ვრჩები სამსახურის სისტემაში და ვიმუშავებ ხალხისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. მივმართავ ყველა ძალისხმევას, რომ უკრაინა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, უკრაინელებმა კი ბოლოს და ბოლოს მიიღონ სამართლიანი მშვიდობა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG