საქართველოს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ქულა აქვს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“(TI) ახალ, „კორუფციის აღქმის ინდექსში”, რომელიც დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა და მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის შეფასებას მოიცავს.
- 2025 წლის ინდექსით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 3 პუნქტით შემცირდა და 50 გახდა.
- ეს საშუალო მაჩვენებელია, რადგან ქვეყნებს აფასებენ 100-ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.
- 100 ქულა არცერთ ქვეყანას არ აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ოფისი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში პირველობას ინარჩუნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განმარტებით, საქართველოს საშუალო ქულა მიუთითებს, რომ ქვეყანაში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა, ინდექსით არ იზომება კორუფციის ისეთი კომპლექსური ფორმები, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია, საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევა კი სწორედ ეს არის:
„2025 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და, შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან და ქვეყანაში ავტოკრატიის აღზევებასთან".
- ბოლო თვეებში საქართველოში კორუფციული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს „ქართული ოცნების" ხელისუფლების არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს.
„ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ათამდე წევრ სახელმწიფოსაც სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით.
კობახიძის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით „შარშანდელი წელი იყო გამორჩეული" არა მხოლოდ სასჯელებით კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ ზომებით, რომლებიც მიღებული იყო მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის და მთავრობისა და ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ 2025 წელი - "ოცნება" ყოფილი ერთგული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ასევე ნახეთ სასწრაფო დახმარების მანქანების ჩაშლილი ტენდერი და პირობების მორგება - რა ბრალდებით დააკავეს მინისტრის ექს-მოადგილე„საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დღეს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსი” აჩვენებს, რომ ამ სფეროში ვითარება გაუარესებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, რომლებიც კორუფციას ტრადიციულად ეფექტიანად ებრძოდნენ.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მიზეზი პოლიტიკური ლიდერების ნების შესუსტებაა.
ათი წლის წინ, „კორუფციის აღქმის ინდექსში” 12 ქვეყანას ჰქონდა 80-ზე მეტი ქულა, დღეს კი მათი რიცხვი ხუთია. საუკეთესო ქულებით პირველ ხუთეულში არიან: დანია(89), ფინეთი(88), სინგაპური(84). ახალი ზელანდია(81) და ნორვეგია(81).
ყველაზე დაბალი ქულებით ბოლო ხუთეულში არიან: ლიბია(13), იემენი(13), ვენესუელა(10), სომალი(9) და სამხრეთი სუდანი(9).