ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე 10 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მხრიდან მორიგი დარტყმის შედეგად რეგიონის სამხრეთში დაზიანებულია ენერგოობიექტი. გაჩნდა ხანძარი. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობაც.
კიპერის ცნობითვე, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ოდესის ოლქის სამ რაიონში. კრიტიკული დანიშნულების ინფრასტრუქტურის ობიექტები გენერატორებით კვებაზე გადაიყვანეს.
ზაპოროჟიეს რაიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 6000-მდე აბონენტი. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. მისივე ცნობით, ვოლნიანსკის რაიონში დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეს რაიონში ხანძარი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლს. აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე შენობები.
ასევე ნახეთ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ ბავშვებისა და პენსიონერების ევაკუაცია გადაიფიქრაუკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 10 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 125 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 110 რუსული დრონის მოგერიება და 13-ით პირდაპირი დარტყმა 6 ადგილზე.
- რუსეთის ჯარები დიდი ხანია ანადგურებენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ამ ზამთარშიც, ძლიერი ყინვის პირობებში მკაცრად შეზღუდულია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება.
- უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტეინის ტელეგრამ-არხზე დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინის ჯარებმა რილსკის რაიონში ენერგოობიექტს შეუტიეს, რის შედეგადაც ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება შეუწყდა 28 ათასამდე მომხმარებელს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
- რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წლიდან, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
- უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.