უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე 11 თებერვალს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს ბოჰოდუხოვის იმ ნაწილს, სადაც კერძო სახლებია. სრულად დაინგრა ერთი სახლი.
მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს სამი ბავშვის და ერთი მამაკაცის ცხედრები. დაღუპული არიან ერთი წლის ბიჭები, ორი წლის გოგო და 34 წლის კაცი. დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის 35 წლის ქალი, რომელიც ორსულადაა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოჰოდუხოვში დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, 74 წლის ქალი.
განახლება: უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ბოჰოდუხოვს დაარტყეს „გერანი 2“-ის ტიპის დრონებით. სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპნენ მამა და სამი შვილი და დაშავდა დედა, რომელიც ორსულობის 35-ე კვირაშია. პოლიციის თანახმად, ოჯახი ბოჰოდუხოვში რამდენიმე დღის წინ გადასახლდა ხარკოვის ოლქის დაბა ზოლოჩოვიდან. ეს დაბა რუსეთის ჯარების მუდმივი შეტევის ქვეშაა.
ასევე ნახეთ
უკრაინელ ოლიმპიელს აუკრძალეს ომის შედეგად დაღუპული სპორტსმენების ფოტოების დემონსტრირებაერთი დღით ადრე, 10 თებერვალს დედა და შვილი დაიღუპნენ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს. დაღუპული გოგო 11 წლის იყო.
2025 წლის ბოლოსთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურას დოკუმენტურად დადასტურებული ჰქონდა, რომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 700-მდე ბავშვი დაიღუპა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ გასული წლის ბოლოს განუცხადა, რომ 2022 წლის თებერვლიდან „კიევის აგრესიას“ რუსეთში ემსხვერპლა სულ მცირე 238 ბავშვის სიცოცხლე. რუსეთი „თავის ტერიტორიაზე“ დაღუპულებად მიიჩნევს უკრაინის ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიაზე დაღუპულებსაც.