Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ ოლიმპიელს აუკრძალეს ომის შედეგად დაღუპული სპორტსმენების ფოტოების დემონსტრირება

მილანის ოლიმპიადის მონაწილე ვლადისლავ ჰერასკევიჩი ჩაფხუტით, რომელზეც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებია.
მილანის ოლიმპიადის მონაწილე ვლადისლავ ჰერასკევიჩი ჩაფხუტით, რომელზეც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს აუკრძალა ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში გამოიყენოს ჩაფხუტი, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების, მათ შორის წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ფოტოებია.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე ვლადისლავ ჰერასკევიჩი სკელეტონში (ყინულოვან ტრასაზე ციგით დაშვება) ასპარეზობს.

უკრაინელმა სპორტსმენმა 9 თებერვალს ამ ჩაფხუტით ივარჯიშა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისი გამოყენება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა. კომიტეტი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს მისდევს.

ვლადისლავ ჰერასკევიჩის განცხადებით, შეგრძნებაა, რომ კომიტეტმა უღალატა სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ და მათი ხსოვნისთვის პატივის მიგება აკრძალა სპორტულ არენაზე, სადაც ვეღარასდროს გამოვლენ.

  • ჩაფხუტზე ომის შედეგად დაღუპულ სხვა უკრაინელ სპორტსმენებთან ერთად წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეების, მოციგურავე დმიტრო შარპარის და მოკრივე მაქსიმ გალინიჩევის ფოტოებიცაა.
  • შარპარი 2023 წელს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, ხოლო გალინიჩევი იმავე წელს - ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინასთან.

ვლადისლავ ჰერასკევიჩის თანახმად, გარდაცვლილთათვის პატივის მიგების წარსულში არსებული პრეცედენტების მიუხედავად, ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინისთვის განსაკუთრებული წესების შემოღება გადაწყვიტა. ჰერასკევიჩის განცხადებით, კომიტეტისადმი ოფიციალურ მიმართვას ამზადებენ და განაგრძობენ ბრძოლას ამ ჩაფხუტით ასპარეზობის უფლებისთვის.

  • იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 46 უკრაინელი სპორტსმენი მონაწილეობს.
  • უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადის შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეუძლიათ.
  • ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენების გუნდში 13 რუსი და 7 ბელარუსი სპორტსმენია.
  • 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 22 თებერვალს დასრულდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG