რუსეთი, რომლის ხელისუფლებაც კუბის კომუნისტური მთავრობის მხარდამჭერია, იძულებული გახდა კუბასთან ავიამიმოსვლა გაეჩერებინა. კუბის აეროპორტებში საწვავის მარაგი ამოიწურა.
- კუბა საწვავის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას, რომელიც კუბას საწვავით ამარაგებდა, ჯერ ბლოკადა დაუწესა, შემდეგ მისი მმართველი ნიკოლას მადურო დააპატიმრა და დამატებითი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობპროდუქტებს მიაწვდიან.
დღეიდან, 12 თებერვლიდან ავიაკომპანია „როსია”, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის” ჯგუფშია, რეისებს შეასრულებს მხოლოდ კუბიდან რუსი ტურისტების წამოსაყვანად, 24 თებერვლიდან კი ავიარეისებს სრულად შეწყვეტს. იმავეს გააკეთებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Nordwind-ი.
ეს ავიაკომპანიები მოსკოვიდან რეისებს ასრულებდნენ კუბის დედაქალაქ ჰავანის და კურორტების, ვარადეროსა და კაია-კოკოს მიმართულებებით.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ" განაცხადა, რომ „სიტუაცია განსაკუთრებულ კონტროლზეა", მუდმივი კონტაქტი აქვთ კუბის საავიაციო ხელისუფლებასთან და ორივე ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე ეძებენ ავიამიმოსვლის განახლების „ალტერნატიულ შესაძლებლობებს".
ასევე ნახეთ კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის „მზადაა“, თუმცა „ზეწოლის გარეშე“კუბა ნავთობს ძირითადად, ვენესუელისგან იღებდა. ექსპორტი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას საზღვაო ბლოკადა დაუწესა.
კუბის მოსახლეობა წლებია მწვავე ენერგოკრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების პირობებში ცხოვრობს, რაც არაერთხელ იქცა საპროტესტო გამოსვლების მიზეზად. ხელისუფლებამ აქციებს რეპრესიებით უპასუხა.
მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და კუბის ხელისუფლების მოკავშირე, ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო დააპატიმრა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბის მთავრობაც სავარაუდოდ, დაეცემა, რადგან მხოლოდ ვენესუელის რეჟიმის წყალობით არსებობდა.
ასევე ნახეთ ვენესუელაში პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოცხადდება