კუბის ხელისუფლებამ 9 თებერვალს ქვეყანაში რეისების განმახორციელებელი საერთაშორისო ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ სამშაბათისთვის კუნძულზე ამოიწურება საავიაციო საწვავის მარაგი.
ავიაკომპანიებისადმი განკუთვნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავი არ იქნება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში - 11 მარტამდე. ორი დღით ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ავიამიმოსვლას არ შეეხებოდა საწვავის ამჟამინდელი კრიზისი.
საავიაციო საწვავის მიწოდების საკითხებში კუბა ბოლო ხანებში ეყრდნობოდა ვენესუელას, სადაც ხელისუფლებაში იყო ჰავანის მეგობარი რეჟიმი, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან- როცა აშშ-მა დე-ფაქტო ბლოკადა დააწესა ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტზე - კუბას კარაკასისგან არ მიუღია არც ნედლი ნავთობი, და არც მისი გადამუშავებული პროდუქტები. მიწოდება არ განახლებულა არც მას მერე, რაც აშშ-მა სპეცოპერაციის შედეგად მადურო დააპატიმრა და აშშ-ში გადაიყვანა.
აშშ-მა იანვარში გამოაცხადა, რომ ზომებს გაატარებს კუბისთვის საწვავის მიწოდების აღსაკვეთად - კერძოდ, დამატებით ტარიფებს დაუწესებს მიმწოდებელ სახელმწიფოებს.
საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადის დაწესების გამო კუბაში პირველად არ იქმნება საავიაციო საწვავის კრიზისი. შარშან ავიაკომპანიები ამ პრობლემის გადასაჭრელად საწვავით მარაგდებოდნენ მეზობელ ქვეყნებში - პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში და საკუთრივ აშშ-შიც. გავრცელებული ცნობებით, ორშაბათს, 9 თებერვალს კუბაზე რეისების უმრავლესობა განრიგის თანახმად ხორციელდებოდა.
კუბაში დაფრინავს მათ შორის რუსეთის ავიაკომპანიები, "აეროფლოტი", "რასია" და Nordwind Airlines-ი. ტელეგრამის არხი Mash 9 თებერვალს მგზავრებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ "რასიას" მოსკოვიდან ჰავანაში რეისი გადაიდო და თან გამოცხადდა, რომ ეს მოხდა კუბაში საწვავის კრიზისის გამო. თუმცა თვითმფრინავი შემდეგ ჰავანაში მაინც გაფრინდა, ოღონდ მგზავრების გარეშე. ტუროპერატორების ასოციაციამ დაადასტურა, რომ კუბაზე ცარიელი თვითმფრინავი გაფრინდა, იქიდან რუსი ტურისტების უკან წამოსაყვანად.
9 თებერვალს, დღისით, "აეროფლოტმა" გამოაცხადა, რომ განაგრძობს კუბაში ფრენას, თუმცა მარშრუტის კორექციას განახორციელებს და საწვავისთვის დამატებით ადგილას დაეშვება.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ მიმართავს "სულის შემხუთველ ზომებს" კუბასთან მიმართებით, ხოლო რუსეთის ხელისუფლება "კუბელ მეგობრებთან" მსჯელობს შექმნილი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე, სულ მცირე შესაძლებელი დახმარების გაწევით. რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი პესკოვს არ დაუკონკრეტებია.
ფორუმი