გამოცემა „მედიაზონის“ ინფორმაციით, მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ეკატერინა კოტრიკაძისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვა.
რუსეთის პროკურატურა „ფეიკებად“ მიიჩნევს მაგალითად, ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი დედის დაღუპვას.
ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად ასამართლებენ „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანისთვისაც, რომელიც ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ეკატერინა კოტრიკაძეს მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
რუსეთის შსს-ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად".
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო. ამჟამად „დოჟდის“ რედაქცია ამსტერდამიდან საქმიანობს.
ასევე ნახეთ „უცხოეთის აგენტის სტატუსი სულაც არ არის ფორმალობა“ - ინტერვიუ ეკატერინა კოტრიკაძესთან