Bloomberg: ევროპის ქვეყნები საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემაზე მსჯელობენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული არიან რუსეთის სამხედროები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ რაკეტას ტვირთავენ. 21 მაისი, 2024. (ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია)

ევროპის ქვეყნები ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მსჯელობენ საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემის შექმნაზე, რადგან შეერთებული შტატები აღარ არის საიმედო მოკავშირე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება სიტუაციაში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საგანგებო, სამხედრო დონეზე, რის გამოც „მინისტრებმაც კი“ არ იციან ამის შესახებ.

ამჟამად ევროპაში ბირთვული იარაღი მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვთ. წყაროების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესაძლოა პარიზის მხრიდან ბირთვული დაცვა შესთავაზოს სხვა ევროპულ ქვეყნებს. მან შესაძლოა ამის შესახებ შესაძლოა განაცხადოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დღეს იხსნება, ან მოგვიანებით საფრანგეთში, მრჩევლებთან კონსულტაციების შემდეგ.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ამერიკული „ბირთვული ქოლგის“ ფრანგული ქოლგით ჩანაცვლება ევროპის ბევრი ქვეყნისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ფინანსურად მიუწვდომელი. ევროპა უკვე მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს ჩვეულებრივ შეიარაღებაზე. 2025 წელს ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე ერთად დახარჯავენ 530 მილიარდ დოლარზე მეტს.

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ერთად დაახლოებით 400 განლაგებული ქობინი აქვთ, ხოლო აშშ-ს - 1670, რიცხვი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულება „ახალი START-ის“ ვადის გასვლის შემდეგ. დიდი ბრიტანეთი ბირთვული ტრიადის მხოლოდ საზღვაო კომპონენტს ემყარება, საფრანგეთი როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო კომპონენტებს, აშშ-ს კი ყველა მათგანი მოეპოვება.

Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია ინვესტიცია ჩადოს ბირთვული იარაღისთვის საჭირო ყველა კომპონენტის შექმნაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა ატომური ელექტროსადგურები, ურანის გამდიდრებისთვის რთული და ძვირადღირებული ცენტრიფუგები და „პოლიტიკური მზაობა გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებების დარღვევისთვის“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის განცხადებები ევროპის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ ჩვეულებრივ იარაღზეც ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არც საჯაროდ და არც პირადად არ უხსენებია „ბირთვული ქოლგა“. „ატომურ მეცნიერთა ბიულეტენის“ თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, ევროპაში განთავსებული იყო დაახლოებით 100 ამერიკული B61 ბირთვული ბომბი, რომლებიც ხუთ ქვეყანაში იყო განლაგებული ექვს საჰაერო ბაზაზე, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები რჩებიან მსოფლიოში უმსხვილეს ბირთვულ ძალებად, რომლებიც მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს ფლობენ. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) თანახმად, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის არსენალი 4309 ბირთვული ქობინისგან შედგებოდა, ხოლო შეერთებული შტატებისა - 3700-ისგან.

ასევე ნახეთ "ორეშნიკის" კომპლექსის განთავსების შესაძლო ადგილი ბელარუსში - "კრიჩავ-6-ის" აეროდრომი