სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი დავაყენეთ

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკ კოლეგასთან ერთად.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი აცხადებს, რომ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი დააყენეს. ამის შესახებ ისაუბრა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მასალაში გამოყენებული კომენტარები ეყრდნობა სინქრონულ თარგმანს.

„საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის კანდიდატურებს მხარს ვუჭერთ. ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში. საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხებში და ამიტომ მივესალმებით ამ კანდიდატურას. სიაში ასევე შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც“, - თქვა მან.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს იმდროინდელი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტთან გადაკეტილ გზაზე მიმდინარე დემონსტრაციაზე მისვლის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5000 ლარით დააჯარიმა.

ევროკავშირთან ურთიერთობა

იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ იცის, სად არის გაჩერებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი და სლოვაკეთი მხარს უჭერს „სწორი დიალოგის“ გამართვას.

„მომხრე ვართ, რომ დიალოგი შენარჩუნდეს, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ მართლები. კომუნიკაციაც უნდა გაგრძელდეს, რომ გამოირიცხოს დეზინფორმაციები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადებამდეც და შემდეგ პერიოდშიც „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო, რომლების საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს.

სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული „ნავსადგური“, რომელშიც ყულევის პორტი უნდა იგულისხმებოდეს.

„რუსეთთან კავშირში მოიხსენიება ნავსადგური, რომელიც ბრიუსელის მოსაზრებით გამოიყენება სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან არის კავშირი საქართველოს მხრიდან და ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ აარიდებდა საქართველო ამ სანქციებს თავს და ვეწინააღმდეგები ამ პორტის სანქციების ჩამონათვალში შეტანას“, - თქვა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც ყულევის პორტი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ჩასმა განიხილება:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

ასევე ნახეთ ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება

მაკა ბოჭორიშვილის შეფასება

მისი თქმით, ის აფასებს მეგობრულ ატმოსფეროს, რომელიც მას სლოვაკეთში დახვდა. ბოჭორიშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ეფუძნება დიდი ხნის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ისტორიას. სლოვაკეთი ყოველთვის იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აგრძელებს ამას. ჩვენი ქვეყნის მთავრობები კარგად აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა და ერთმანეთთან თანამშრომლობა...

ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა და თანადგომა მნიშვნელოვანია“.

მომავალი თანამშრომლობა

ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრებიან სლოვაკეთის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ზოგადი კონტექსტი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები გაყალბებულს უწოდებენ, ხელისუფლებაში მესამე ვადით მყოფ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები გაუიშვიათდათ. ამ მხრივ გამონაკლისია სლოვაკეთი და უნგრეთი.