რადიო თავისუფლების ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლებას და ევროკომისიისთვის დეტალური განმარტების მიცემის მზაობა გამოხატა.
- რუსეთისა და ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციების ბოლო, მე-19 პაკეტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2025 წლის ოქტომბერში მიიღეს.
სანქცირების მოთხოვნის მიზეზი
სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია:
- რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დამატებით 43 გემის სანქცირება;
- რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა;
- რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა.
სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:
„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
ამავე წყაროს თანახმად, ეს პრაქტიკა
მეორე ასეთივე პორტი, რომლის სანქცირებაცაა მოთხოვნილი, ინდონეზიაში მდებარეობს.
თბილისის რეაქცია
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად დღეს, 9 თებერვალს განაცხადა:
„ჩვენ მზად ვართ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინოთ ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის“.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, - განაცხადა მან.
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კითხვებით:
1) ადასტურებს თუ არა სააგენტო, რომ ყულევის პორტი გამოიყენებოდა მსგავსი მიზნებისთვის
2) რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ პორტებში შემოსული/გასული ტვირთის წარმოშობა და ტრანსპორტირების სქემა კონტროლდებოდეს სანქციების შესაძლო გვერდის ავლის თავიდან ასარიდებლად.
პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ყულევის პორტის ტერმინალი და ქარხანა
ყულევში ნავთობტერმინალი ათწლეულებია არსებობს და - მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო კორპორაცია „სოკარი“ (SOCAR).
ყულევის ტერმინალი ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს.
მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ფლობს.
„სოკარმა“ 2026 წელს, საქართველოში, ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოები დააანონსა.
კომპანიის ცნობით, მან 2025 წელს ტერმინალიდან 2.2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე, ნავთობგაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქცია გადატვირთა.
ამასთან, 2025 წლიდან ყულევში ფუნქციონირება დაიწყო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ.
2025 წლის ოქტომბერში რუსული გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ამ წყაროს თანახმად, ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.
„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“.
ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
- 2025 წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
- საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
- 2025 წლის 16 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის Русснефт-ს.
უკრაინის სანქცირებული გემი ყულევში
5 თებერვალს გამოცემა „აი, ფაქტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად შემოვიდა ნავთობტანკერი „სილვარი“ (IMO 9291262).
- გემი, უკრაინული მხარის თანახმად, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია;
- უკრაინამ ტანკერს 2025 წლის 13 დეკემბერს დაუწესა სანქციები;
- 2024-2025 წლებში ამ გემის მფლობელი და მმართველი კომპანიები, აშშ-სა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაასანქცირეს.
- ამ ფაქტის შემდეგ გემი ინდური კომპანიის მართვასა და საკუთრებაში გადავიდა, - წერს iFact-ი.
ამავე გამოცემის ცნობით, გემმა ყულევში ჯამში 32 000 ტონამდე ნავთობი/ნავთობპროდუქტები დატოვა.
საზღვაო სააგენტომ მოგვიანებით საპასუხოდ განაცხადა, რომ გეგმის „თითქოს „საეჭვო“ ისტორიის შესახებ“ ინფორმაცია „არ შეესაბამება სიმართლეს“ და მას „მორიგი დეზინფორმაცია“ უწოდა.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი)“, - განაცხადა სააგენტომ.
ფორუმი