ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად პროკურატურამ ძმები კაკულიები და ჟვანია დაასახელა

მკვლელობის მოტივად პროკურატურა კაკულიების მხრიდან „შურისძიებას“ და „ავტორიტეტის გამყარებას“ ასახელებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია - გამოძიების ვერსიით, მისი მკვლელობა 2021 წელს ძმებ დავით და გურამ (გუგა) კაკულიებისა და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ორგანიზებული იყო.

მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას უყენებენ პატიმრობაში მყოფ ძმებს, გურამ და დავით კაკულიებს და დაუსწრებლად უყენებენ მათს მეგობარს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას - ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟს.

კაკულიები პატიმრობაში არიან, ჟვანიაზე კი ძებნა გამოაცხადეს.

ჟვანიას დედა აცხადებს, რომ ერთ-ერთი კაკულია მისი ვაჟის ბავშვობის მეგობარი იყო, - რაც არასოდეს უარუყვიათ, - თუმცა ბრალდება „სრულიად მიუღებელია“.

ჯერჯერობით კაკულიების ინტერესების დამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლება ცდილობს მათთან დაკავშირებას.

კვარაცხელიას დედა: „ჩემთვის ახალი არაფერია“

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, შვილის მკვლელობის დღიდან ამტკიცებდა, რომ არსებობდა დამკვეთი და დამნაშავეთა დასჯას ითხოვდა.

კაკულიების სხვა საქმეზე, 2022 წელს დაკავების შემდეგ მან განაცხადა: „დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები“.

პროკურატურას დღემდე არ ჰყავდა კაკულიები ოფიციალურად დაკავშირებული კვარაცხელიას მკვლელობასთან.

„ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში“, - წერდა ორი დღის წინ, 13 თებერვალს, იგი. მისი შვილის მკვლელობის საქმემ მედიაში წელს კიდევ ერთხელ წამოიწია ახალგაზრდა პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობისა და მისი დედის პროტესტის შემდეგ (ეს საკითხები სამართლებრივად ერთმანეთს არ უკავშირდება).

„მადლობა ღმერთს და თქვენ, ჩემო მეგობრებო. არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“, - დაწერა დღეს პროკურატურაში ბრიფინგის შემდეგ იზა ომაძემ.

მოტივი: „შურისძიება“ და „ავტორიტეტის გამყარება“

გამოძიების ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე, „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.

„ძმები კაკულიების მამა, ე.წ კანონიერი ქურდი დავით კაკულია, 2001 წლის 25 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო“, - განაცხადა თბილისის პროკურორმა.

გამოძიების ვერსიითვე, კაკულიებმა კვარაცხელიას „შეკვეთით მკვლელობის განზრახვა“ გაანდვეს თავიანთ მეგობარს, ბესარიონ ჟვანიას.

ბუსა ჟვანია, IPN-ის ფოტო

რას ამბობს გამოძიება ჟვანიას როლზე

გამოძიების ვერსიით, ბუსა ჟვანიამ „დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება“ და ამ მიზნით დაუკავშირდა თავის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს.

  • ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები სწორედ ჭელიძე და კაველაძე არიან.
  • ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კავილაძეს კი - 16 წლით პატიმრობა.

პროკურატურის თანახმად, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე „ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ“, რათა იქ ძმებ კაკულიებს შეხვედროდნენ.

გამოძიების ვერსიითვე, სომხეთში გაიცა „მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელი მითითებები“.

ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია. „სკრინი“ პროკურატურის გავრცელებული ვიდეოდან, სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან, 2021 წლის 17 ივლისს

„საკუთარ სახლში დააბინავა“ - პროკურატურა

ბრალდების თანახმად, კაკულიებმა 2021 წლის „სექტემბრის დასაწყისში“ - თარიღი არ არის დაზუსტებული - „უკანონოდ გადმოკვეთეს“ საქართველოს საზღვარი, რის შესახებაც ჟვანიაც იყო ინფორმირებული.

გამოძიების ვერსიითვე, ჟვანიამ ისინი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საკუთარი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა.

  • „აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.
  • მათ ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს“, - განაცხადა თბილისის პროკურორმა.

მკვლელობა

ამის შემდეგ, ბრალდების მტკიცებით, ჭელიძემ და კავილაძემ

  • შეიძინეს პისტოლეტი და ვაზნები.
  • დაადგინეს ნიკო კვარაცხელიას სახლის მისამართი და „ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს“.
  • 2021 წლის 14 სექტემბერს - მკვლელობამდე ერთი დღით ადრე - იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი.
  • 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, ისინი ნაქირავები „ელანტრათი“ მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და „პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ“.
ასევე ნახეთ „ეს ეხებოდა გოგოს“ - კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენების დეტალები

შემდეგ გამოძიება ასე აღწერს, თავისი ვერსიით, განვითარებულ მოვლენებს:

  • „ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას.
  • ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა“.
  • შემდეგ ორივენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
  • შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა გამვლელებმა ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

მკვლელობის შემდეგ - პროკურატურის ვერსია

მკვლელობის შემდეგ შემსრულებლებმა დამკვეთებს, - გამოძიების ვერსიით, ძმებ კაკულიებს - ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ.

ამის შემდეგ კაკულიებმა რამდენიმე წუთში დატოვეს დროებითი საცხოვრებელი, - ჟვანიას ოჯახის სახლი.

„ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ“, - განაცხადა დღეს თბილისის პროკურორმა.

ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

სამივე ადამიანს - ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას - ედავებიან „შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებას“ - დანაშაულს, რომელიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, რომ ბესარიონ ჟვანიაზე „ძებნა გამოცხადდება“ - შესაბამისად, ის დაკავებული არ არის. უცნობია, იცის თუ არა პროკურატურამ, სად იმყოფება იგი.

ძმები დავით და გურამ კაკულიები კი ამჟამად საქართველოში, საპატიმროში იხდიან სასჯელს.

მათ 9-9 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი 2022 წელს ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე მკვლელობის მცდელობისთვის. ისინი ბრალდებას უარყოფდნენ.

ასევე ნახეთ „არა, არ ვეთანხმებით ბრალდებებს“ - ძმები კაკულიები თავს უდანაშაულოდ თვლიან

ბუსა ჟვანია

ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ამბობს, რომ მისი ვაჟისათვის წაყენებული ბრალდება „ძალიან მოულოდნელი იყო“.

„ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი - დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ“, - განუცხადა მან IPN-ს.

„ეს [მკვლელობა რომ მზადდებოდა] რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა მან.

„ერთი უბედურება რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის, ყველასთვის და ახლა მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, - თქვა მან.

  • ბუსა ჟვანია ბრალდებული იყო კიდევ ერთ საქმეში:
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 2020 წლის 2 აგვისტოს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მან „განზრახ მოკვლის მიზნით“ რამდენჯერმე დანა დაარტყა ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს.
  • თოფაძეს ოპერაცია ჩაუტარეს და გადარჩა.
  • 2021 წლის მარტში ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა, დარჩენილ 1,5 წელს კი - პირობითი მსჯავრით.
ასევე ნახეთ ზურაბ ჟვანიას შვილს გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის 3-წლიანი სასჯელი შეეფარდა

რისთვის იხდიან კაკულიები სასჯელს

გამოძიების ვერსიით, - რაც თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაიზიარა, - 2022 წლის 27 მაისს კაკულიებმა ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე სცადეს სერგი ქურთიაშვილის მოკვლა.

ამ დროს ფეხში დაიჭრა ქურთიაშვილთან ერთად მყოფი გიორგი კაჭკაჭაშვილიც.

ქურთიაშვილმაც და კაჭკაჭაშვილმაც უარყვეს, რომ თავდამსხმელები კაკულიები იყვნენ, თუმცა სასამართლომ ძმებს 2023 წლის 10 თებერვალს მაინც მიუსაჯა პატიმრობა.

მოგვიანებით, 2024 წელს, სერგი ქურთიაშვილიც დააპატიმრეს - ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე, კაკულიების დეიდაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭაშვილს - ის ამჟამად არის „წინასწარ პატიმრობაში“ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე - მიმდინარე გამოძიების ვერსიით, ის არის გიორგი ჯოხაძისა და ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეების „დაჯგუფების წევრი“, მონაწილეობდა ჯანგველაძის მკვლელობის იარაღის შოვნაში.

პროკურორი შაიშმელაშვილი

2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის სუსსა და პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, შეიცვალა ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი.

გია შაიშმელაშვილი შეცვალა ლევან ვეფხვაძემ.

შაიშმელაშვილი ასევე იყო ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორი.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი

ნიკო კვარაცხელიას დედამ 2025 წლის 17 ივლისს კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმიდან შაიშმელაშვილის ჩამოშორება:

„ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

ამჟამად იზა ომაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს 5 წელი ამ დასკვნის გასაკეთებლად; ის ამბობს, რომ აქვს „გარკვეული ფაქტები“ დანაშაულის „მფარველზე“:

„მაქვს გარკვეული არგუმენტები, მაქვს გარკვეული ფაქტები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ მკვლელობის მფარველი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი“, - განაცხადა მან "ტვ პირველთან".

„ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში ვებრძოდით ცხრათავიან დევს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცხრათავიან დევს ორი თავი წავაცალეთ. ყველა თავი დასცვივდება გველეშაპს“, - თქვა მან.