შედეგებს „დამანგრეველი” უწოდა ენერგოკომპანია ДТЕК-მა. კომპანია ოდესის ოლქის ენერგოობიექტებისთვის „დამანგრეველს” უწოდებდა 13 თებერვალს განხორციელებულ შეტევასაც.
ДТЕК-ის მიერ 17 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, „ნგრევა უკიდურესად სერიოზულია“ და სარემონტო სამუშაოებს დიდი დრო დასჭირდება.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 17 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში, ხოლო გათბობით მომარაგება შეიზღუდა ქალაქებში, ოდესასა და სუმიში.
ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, სარემონტო სამუშაოები დაწყებულია ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია უსაფრთხოების მხრივ არსებული პირობების გათვალისწინებით. უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში მოქმედებს ელექტროენერგიის საათობრივი გათიშვის რეჟიმი, ხოლო ზოგიერთ რეგიონში - ე.წ. ავარიული გათიშვის, რაც ნიშნავს, რომ მათ ელექტროენერგია გრაფიკითაც არ მიეწოდებათ.
ასევე ნახეთ უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსული რაკეტებით შეტევის გამოუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ოდესაში გათბობითა და წყლით მომარაგების გარეშეა ათეულობით ათასი ადამიანი.
ზელენსკის თანახმად, რუსეთის ჯარების კომბინირებული დარტყმის ქვეშ სულ 12 ოლქი იყო, სადაც, წინასწარი მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიჭრა და დაზიანდა სახლები და რკინიგზა, თუმცა შეტევა სპეციალურად გათვლილი იყო ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი სწორედ ენერგეტიკისთვის მიეყენებინა.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს, აუცილებელია მასზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის არმიის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
განახლება: უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დილით რუსული დრონით დარტყმა იყო ავტომანქანაზე, რომელშიც სლავიანსკის თბოელექტროსადგურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და სამი მათგანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ რუსეთში დაადასტურეს დრონებით შეტევა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეუკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტით და 396 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის დადასტურებული იყო 25 რუსული რაკეტის და 367 დრონის მოგერიება და 4 ბალისტიკური რაკეტითა და 18 დრონით პირდაპირი დარტყმა 13 ადგილზე.
უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ, 17 თებერვალს დღისით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ენერგოობიექტებს და დრონების წარმოებისა და გაშვების ადგილებს. სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე შეტევის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს უკრაინას. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე.
- რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წელს, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება ცივი ზამთრის პირობებში.
- უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
- უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.