Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა „დამანგრეველი“ დარტყმა მიაყენეს ოდესის ოლქის ენერგოობიექტებს

რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში. 2026 წლის 13 თებერვალი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში. 2026 წლის 13 თებერვალი

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. მორიგი იერიში შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის, მასშტაბური ნგრევისა და ხანძრების შესახებ იუწყება.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე 13 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების სამიზნე იყო სახლები, სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ექვსი ადამიანი. სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ქალაქ ოდესაში და ოდესის რაიონში შეწყდა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება, რომელიც ისედაც შეფერხებული იყო ენერგოობიექტებზე წინა დარტყმების შედეგად.

უკრაინის ენერგოკომპანია ДТЕК-მა დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ოდესის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას „დამანგრეველი“ დარტყმა მიაყენეს. კომპანიის თანახმად, „ნგრევა უკიდურესად სერიოზულია“ და სარემონტო სამუშაოებს დიდი დრო დასჭირდება. ენერგოკომპანიამ უპირველეს ამოცანად დაასახელა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის.

ენერგოობიექტებზე რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 13 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 154 უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი ბალისტიკური რაკეტით. ადგილობრივი დროით 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 111 რუსული დრონის მოგერიება და 22 დრონით და ერთი რაკეტით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.

ამ ზამთარს, ძლიერი ყინვის პირობებში რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს.

უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ბოლო ხანს ხშირად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.

ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქალაქში ენერგომომარაგების გარეშეა 30 ათასამდე აბონენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG