უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს, 18 თებერვალს მოაწერა ხელი ბრძანებას ლუკაშენკასთვის პერსონალური და სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.
ზელენსკის განცხადებით, ლუკაშენკამ დიდი ხანია ბელარუსის სუვერენიტეტი გაცვალა პირადი ძალაუფლების გაგრძელებაში, რუსეთს ეხმარება აგრესიის გამო მსოფლიოს მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, აქტიურად ამართლებს რუსეთის ომს და ახლა უკვე ზრდის თავის მონაწილეობას ომის გაჭიანურებაშიც.
ასევე ნახეთ "ორეშნიკის" კომპლექსის განთავსების შესაძლო ადგილი ბელარუსში - "კრიჩავ-6-ის" აეროდრომიუკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით:
- 2025 წლის მეორე ნახევარში რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსა რეტრანსლატორები დრონების სამართავად, რამაც გაზარდა რუსული არმიის შესაძლებლობა, დაარტყას უკრაინის ჩრდილოეთ ოლქებს.
- ბელარუსის დახმარების გარეშე რუსეთის ჯარები ვერ შეძლებდნენ უკრაინის ენერგოობიექტებსა და რკინიგზაზე შეტევების ნაწილის განხორციელებას.
- ბელარუსის 3 000-ზე მეტი საწარმო რუსეთის ომის სამსახურშია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კატეგორიის ტექნიკას, დანადგარებს და კომპონენტებს აწვდიან.
- გრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდეს საშუალო მანძილზე მოქმედების რაკეტები „ორეშნიკი“, რაც აშკარა საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ყველა ევროპელისთვისაც.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველისთვის სანქციების დაწესების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან იმუშავებენ, რათა ამ გადაწყვეტილებას გლობალური ეფექტი ჰქონდეს.
- დასავლეთის სახელმწიფოებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ლუკაშენკას, მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს სანქციები 2020 წლიდან დაუწესეს. ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციები გაფართოვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისას რუსეთის ჯარების ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შევიდა. თვეების განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდანაც უტევდნენ.
უკრაინელების ნაწილი მოითხოვდა ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. უკრაინის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი კულება აცხადებდა, რომ ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეწყვეტენ, თუ უშუალოდ მისი შეიარაღებული ძალები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე.