ყველაზე ბოლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა კახა წერეთელმა მიიღო და ჟურნალისტებს ამის შესახებ 19 თებერვლის სხდომის შემდეგ უთხრა.
იქამდე საქმეს ჩამოშორდნენ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის, ა.გ.-ს ადვოკატები:
- ირმა ჭკადუა;
- თეონა გვაზავა.
„ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა“, - ასე გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ადვოკატების გადაწყვეტილებას.
1 ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ბრალდებული არასრულწლოვანები გ.რ. და ა.გ. დაცვის უფლების გარეშე არ არიან დარჩენილი, მათ ახალი ადვოკატები ჰყავთ.
პროცედურულად ადვოკატს უფლება არ აქვს, თავი აიცილოს, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს უფლება მოითხოვოს ადვოკატის საქმიდან ჩამოცილება.
ასე მოხდა კახა წერეთლის შემთხვევაში. ის წინასწარ შეუთანხმდა გ.რ.-ს, რომ მისი აცილება სასამართლოზე ბრალდებულ არასრულწლოვანს მოეთხოვა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. კახა წერეთელმა დახურული სხდომა დატოვა, ის აცილების მომენტიდან გარეშე პირად იქნა მიჩნეული.
რატომ აღარ მოინდომა ადვოკატმა ამ საქმეზე მუშაობა?
„სანამ ამ განცხადებას გავაკეთებდი, რაც საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის, მქონდა ვრცელი საუბარი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, მის ოჯახის წევრებთანაც. ის მეთოდები, ის სამართლებრივი გზები, რაც ჩემთვის ცნობილი იყო აქამდე, ამ საქმეში არ მუშაობს“, - ამბობს ის.
კახა წერეთლის განმარტებით, აი, რას გულისხმობს იგი:
- ბრალდების დამძიმება იმ დროს, როდესაც საქმე უკვე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა;
- ერთსა და იმავე ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ორჯერ გამოყენება.
„საქმემ დამანახა, რომ ჩემს მონაწილეობას, როგორც ადვოკატისას, აზრი არ ჰქონდა და ალბათ, საჭიროა უფრო ძლიერი ადვოკატი“, - თქვა მან.
საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ ეთანხმება ადვოკატს, რომელსაც მიაჩნია, რომ პროკურატურამ სამართლებრივი ჩიხები შექმნა, მის საქმიდან ჩამოცილებას კი ბრალდებულსა და დაცვას შორის კონფიდენციალურ შეთანხმებას უწოდებს.
თეონა გვაზავამ და ირმა ჭკადუამ ამ საქმიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროკურატურამ ახალი მტკიცებულება წარადგინა.
ეს მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომელშიც წერია, რომ ასფალტზე კეფის დარტყმა შუბლის ძვალს ვერ გატეხდა და რომ გიგა ავალიანს შუბლი ბლაგვი საგნით დაუზიანდა. ექსპერტები მუშტსაც ბლაგვ საგნად მიიჩნევენ.
ბრალდებულების ოჯახის წევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გიგა ავალიანისთვის რამე ბლაგვი საგანი არ ჩაურტყამთ და მხოლოდ ხელი დაარტყეს სახეში, დასკვნას „გაყალბებულად“ მიიჩნევენ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ირმა ჭკადუასა და თეონა გვაზავას. მათაც ვკითხეთ, რატომ თქვეს უარი ბრალდებულების დაცვაზე.
„განმარტებისგან თავს შევიკავებთ“, - თქვეს მათ.
რა შეიცვალა საქმეში?
გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მეექვსე თვეს, 2026 წლის 10 თებერვალს თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ თქვა, რომ ორ არასრულწლოვანს [მოზარდსა და მოზარდის მეგობარს] გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა და კიდევ ერთ მეგობართან ერთად, ძალადობის ოთხ სხვა, ავალიანის საქმესთან დაუკავშირებელ ეპიზოდზეც, წარედგინათ ახალი ბრალი.
პროკურატურა ამბობს, რომ მოზარდი [ა.გ.], მოზარდის მეგობარი [გ.რ.] და მოზარდის მეორე მეგობარი [დ.ჩ.], ასევე სხვებიც „კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და გარეთ იტყუებდნენ, ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. სცემდნენ მსხვერპლს უმოწყალოდ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
„ძალადობის სცენებს იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ „მიზნობრივ ჯგუფებში“.
ვის რას ედავებიან
საბოლოოდ, მოზარდს, რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულია, ბრალად ედება:
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მოზარდის მეგობარს [გ.რ.], რომელიც ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა, ბრალად ედება:
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მოზარდის მეორე მეგობარს [დ.ჩ.] კი ბრალად ედება:
- ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალის ასე დამძიმებით, პროკურატურა ამბობს, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმა იყო წინასწარ მომზადებული ჯგუფური დანაშაული, ანუ ის, რასაც გიგა ავალიანის ოჯახი პროტესტის პირველივე დღიდან მოითხოვდა და ამტკიცებდა.
ადვოკატ კახა წერეთლის თქმით, პროკურატურას არ აქვს უფლება, ბრალი დაამძიმოს იმ საქმეზე, რომელიც უკვე სასამართლოში განიხილება და ის, რაც ამ საქმეში ხდება, „საშიშია“.
„მსგავს მექანიზმს, - როდესაც საქმე სასამართლოში არსებითად განიხილება, უეცრად იწყება პარალელური წარმოება და თან პარალელურად ხდება იმ საქმის დამძიმება, რომელიც უკვე განიხილება, - ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, - ამბობს წერეთელი.
ასევე ნახეთ „განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან ასევე ნახეთ რა კითხვები აქვს ოჯახს? - ყველაფერი გიგა ავალიანის საქმეზე ასევე ნახეთ ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები - რა შეიცვალა გიგა ავალიანის საქმეში?