თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ქვეყანა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან მნიშვნელოვან გარიგებას უნდა მიაღწიოს და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოსთან კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ ირანთან მნიშვნელოვანი გარიგების დადება
ადვილი არ არის. ჩვენ მნიშვნელოვანი გარიგების დადება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რამ მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში და როგორც ჩანს, 10-დღიანი ვადა დააწესა, სანამ აშშ-ი ქმედებებს განახორციელებს.
ტრამპმა თეირანს მოუწოდა, შეუერთდეს აშშ-ს „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“. „არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღის ჰქონდეთ, ეს ძალიან მარტივია“, - თქვა მან. „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, თუ მათ ბირთვული იარაღი აქვთ“.
17 თებერვალს ჟენევაში აშშ-ის ელჩებს - სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან ერთად, არაპირდაპირი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მზარდი კრიზისის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
აშშ-ს სურს, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თეირანი კატეგორიულად არ ეთანხმება და უარყოფს, რომ ატომური იარაღის შექმნას ცდილობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა 19 თებერვალს თქვა, რომ სხვადასხვა მოკავშირემ ღაზაში დახმარებისთვის 7 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა.
ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასი“ განიარაღდება.
არაბული ქვეყნებს შორის პირველმა, მაროკომ განაცხადა, რომ მზად იყო ახლად შექმნილ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში პოლიციელებისა და ოფიცრების გაგზავნა.
ამ დანაყოფის ამერიკელმა მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჯასპერ ჯეფერსმა განაცხადა, რომ ალბანეთი, ინდონეზია, ყაზახეთი და კოსოვოც აგზავნიან ჯარებს და გამოაცხადა, რომ ინდონეზიელი ოფიცერი მის მოადგილედ იმუშავებს.
ინდონეზიამ, მსოფლიოში ყველაზე დიდმა მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანამ, ადრე განაცხადა, რომ მზად იყო 8000 ჯარისკაცი გაეგზავნა - მოთხოვნილი 20000 ჯარისკაცის თითქმის ნახევარი.
ნიკოლაი მლადენოვმა, ბულგარელმა დიპლომატმა, რომელიც აშშ-მა ღაზას საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად დანიშნა, ასევე გამოაცხადა ღაზაში ჰამასის შემდგომი საპოლიციო ძალების დაკომპლექტების
დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ პირველივე საათებში 2000 ადამიანმა მიმართა.
ზავის მიუხედავად, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო, აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა მისი ძალაში შესვლიდან სულ მცირე 601 ადამიანი მოკლეს.
შეხვედრაზე ისრაელის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა მოითხოვა ჰამასის განიარაღება და ღაზაში „ფუნდამენტური დერადიკალიზაციის პროცესის“ დაწყება.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მალე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს შეხვდება. ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ გაეროს გაძლიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით ფულს მისცემს.
აშშ გაეროს ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მან უარი თქვა სავალდებულო გადახდების განხორციელებაზე რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში და შეამცირა გაეროს სააგენტოების ნებაყოფლობითი დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტიდან.
„ჩვენ გავაძლიერებთ გაეროს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მისი ობიექტები კარგ მდგომარეობაში იყოს. მათ დახმარება სჭირდებათ... ჩვენ დავეხმარებით მათ ფინანსური თვალსაზრისით და უზრუნველვყოფთ გაეროს სიცოცხლისუნარიანობას“, - თქვა ტრამპმა.
„ვფიქრობ, გაეროს დიდი პოტენციალი აქვს, მართლაც დიდი პოტენციალი. მან ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.