პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, კრემლში „ავტომატური" უწოდეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დღეს, 20 თებერვალს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მოსალოდნელი იყო თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.
პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ ეს მოლაპარაკებები რთული და „დროში გაწელილია“, ამიტომ რუსეთს არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არ ჰქონია და სანქციების გაგრძელება „ავტომატური გადაწყვეტილებაა“. პესკოვის თქმით, რას მოიტანს მოლაპარაკებების პროცესი, ამაზე შედეგების მიხედვით იმსჯელებენ.
ასევე ნახეთ ჟენევაში დასრულდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდიპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 თებერვალს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც კიდევ ერთი წლით გააგრძელა რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წლიდან დაწესებული სანქციები. ათ წელზე მეტია აშშ ამ სანქციების მოქმედების ვადას ახანგრძლივებს.
პერსონალური და ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები დაწესებული აქვთ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც აშშ მიიჩნევს პასუხისმგებლად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, მშვიდობის, უსაფრთხოების და დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების ხელყოფაზე.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან გააფართოვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.
2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „ლუკოილს" და „როსნეფტს".