„ტრანსნეფტი“, ათამდე ბანკი და სხვა - ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ლონდონში (ფოტო არქივიდან)

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები.

ლონდონმა სანქცირებულთა სიას დაამატა 240-ზე მეტი იურიდიული და კერძო პირი და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული 50 გემი.

მათ შორის, ვისაც ლონდონის სანქციები შეეხო, არიან რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ტრანსნეფტი“, „გაზპრომის“ და „როსატომის“ სტრუქტურები და ათამდე ბანკი. ასევე, ჩინეთის, ინდოეთის, ტაილანდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ არსებული სანქციების დარღვევით.

უკრაინის შესახებ „დეზინფორმაციის“ გავრცელებისთვის ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ქართულ ტელეარხებსაც, „იმედს“ და PosTV-ს.

ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“

უკრაინაში ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის ევროკავშირიც გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც ვერ შეძლო უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.

23 თებერვალს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციების მე-20 პაკეტი დაბლოკეს უკრაინიდან მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.

„დრუჟბის“ იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მუშაობა 27 იანვრიდან შეაჩერა. კიევში განაცხადეს, რომ მილსადენი დაზიანდა რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად.

სლოვაკეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი, რომლებსაც კიევის მიერ დასახელებული მიზეზის არ სჯერათ, უკრაინას პოლიტიკური მოტივებით მოქმედებასა და ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, რომელიც 23 თებერვალს ონლაინ მონაწილეობდა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში, განაცხადა, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს არ დაუგმიათ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ 27 იანვარს განხორციელებული შეტევა და ნაცვლად ამისა შანტაჟს და ულტიმატუმებს მიმართავენ.

ასევე ნახეთ სლოვაკეთმა უარი თქვა ელექტროენერგიით უკრაინის დახმარებაზე


ასევე ნახეთ: