Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი წელი გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან

კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით ერთ-ერთი ბოლო შეტევის შედეგები. 2026 წლის 22 თებერვალი
კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით ერთ-ერთი ბოლო შეტევის შედეგები. 2026 წლის 22 თებერვალი

დღეს, 24 თებერვალს ზუსტად ოთხი წელი გავიდა უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.

მაშინ, როცა კრემლი და მისი პროპაგანდისტები მუდმივად ლაპარაკობენ რუსული არმიის წარმატებებსა და სიძლიერეზე, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს უკრაინის იმ რეგიონებს, რომლებიც თავის ტერიტორიებად აქვს გამოცხადებული და შედეგად მიიღო საბრძოლო მოქმედებების საკუთარ ტერიტორიაზე გავრცელებაც.

2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან. რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

უკრაინაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის გაეროს მისიის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 15 172 და დაიჭრა 41 378 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის 766 ბავშვია. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის 87% უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზეა.

გაეროს მისიის ანგარიში მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს მოიცავს. რეალურად მსხვერპლი გაცილებით მეტია.

გაეროს მისიის თანახმად, 2025 წელს უკრაინაში დაიღუპა 31%-ით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ვიდრე 2024 წელს და 70%-ით მეტი, ვიდრე 2023-ში.

მიგრაციული კრიზისი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურმა სამხედრო დაპირისპირებამ მწვავე მიგრაციული კრიზისიც გამოიწვია. ომის შედეგად თავისი საცხოვრებელი დაკარგა მილიონობით უკრაინელმა.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების რიცხვი 15 მილიონს აჭარბებს.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით წაიყვანა სულ მცირე 20 ათასი ბავშვი. მათგან დაახლოებით 1900-ის დაბრუნება მოხერხდა.

არმიის დანაკარგები

2026 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის სექტემბერში დაასახელა უკრაინაში დაღუპული სამხედროების რიცხვი - 5937.

დასავლეთის სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურების, ნატოს წარმომადგენლების და ანალიტიკური ცენტრების მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) დაახლოებით 1,2-1,3 მილიონია, ხოლო უკრაინის - 600 000-900 000.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ტყვეობაშია დაახლოებით 7000 უკრაინელი სამხედრო, ხოლო უკრაინაში - 4000 რუსი სამხედრო.

ეკონომიკური ზიანი

უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიის და გაეროს მიერ 2026 წლის 23 თებერვალს გამოქვეყნებული შეფასებით, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრისთვის არსებული მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება, უკრაინისთვის ომით მიყენებული პირდაპირი ზარალის მოცულობა 195 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

უკრაინას აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასჭირდება თითქმის 588 მილიარდი დოლარი:

  • ტრანსპორტის სექტორს 96 მილიარდზე მეტი;
  • ენერგეტიკის სექტორს თითქმის 91 მილიარდი;
  • საცხოვრებელ სექტორს თითქმის 90 მილიარდი;
  • სავაჭრო-სარეწველო სექტორს 63 მილიარდზე მეტი;
  • სოფლის მეურნეობას 55 მილიარდზე მეტი;
  • ნანგრევებისგან გაწმენდას და განაღმვას თითქმის 25 მილიარდი დოლარი.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელოვნად გაფართოება.

2026 წლის იანვრის ბოლოდან მიმდინარეობს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.

  • უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.
  • უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში დემილიტარიზებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG