რუსეთმა დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

საილუსტრაციო ფოტო. კიევის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონი ომის დაწყების მეოთხე წლისთავზე, 2026 წლის 24 თებერვალს

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. საჰაერო ძალებმა და რეგიონების ადმინისტრაციებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

აფეთქებები იყო კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, კრივოი-როგსა და სხვა ქალაქებში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ შედეგების შესახებ პირველი ცნობების გავრცელება 26 თებერვლის დილის ექვსი საათიდან დაიწყო.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 7 ადამიანი. რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები და გაზსადენი. დანგრეულია ერთი კერძო სახლი. რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

განახლება: დილის ცრა საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ქალაქ ხარკოვში და ხარკოვის რაიონის სოფელ რაი-ოლენივკაში დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია 6 ადამიანი. ქალაქ ზაპოროჟიეში დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები და ორი სავაჭრო ცენტრი.

განახლება: ადგილობრივი დროით დღის 12 საათისთვის ფედოროვმა დააზუსტა, რომ ზაპოროჟიეში 10 ადამიანი დაშავდა, ნაწილობრივ დანგრეული, ან დაზიანებულია ოცამდე კერძო და მრავალბინიანი სახლი.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დედაქალაქის პეჩერის რაიონში ხანძარი გაუჩნდა 2-სართულიან კერძო სახლს. დარნიცის რაიონში დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებულია 5-სართულიანი სახლი. დაშავდა ორი ადამიანი.

ერთი ადამიანის დაშავებისა და ხუთი სახლის დაზიანების შესახებ იუწყება კიროვოგრადის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 26 თებერვალს რუსეთის ჯარებმა ენერგოობიექტებს დაარტყეს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ოდესის, ვინიცის და პოლტავის ოლქებში.

ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 40-მდე სახლიც. დაშავდა ერთი ადამიანი.

ასევე ნახეთ სმოლენსკის ოლქიდან იუწყებიან უკრაინული დრონებით საწარმოზე დარტყმისა და მსხვერპლის შესახებ