ოლქის გუბერნატორ ვასილი ანოხინის მიერ სოციალური ქსელებით 25 თებერვალს დღისით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „სამოქალაქო მშვიდობიან" საწარმოზე, „დოროგობუჟზე" დარტყმის შედეგად 4 თანამშრომელი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
- საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სმოლენსკის ოლქის დოროგობუჟის რაიონში მდებარე ქარხანა მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიების ჯგუფის, „აკრონის" შემადგენლობაშია. „დოროგობუჟი" მინერალურ სასუქებთან ერთად აწარმოებს ამიაკს, ამიაკის სელიტრას და აზოტის მჟავას. ზოგიერთი ეს ნივთიერება ასაფეთქებელი საშუალებების წარმოებისთვის გამოიყენება.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით შეტევა გასულ ღამით იყო, ხანძრის კერები ამჟამად ლოკალიზებულია, მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად კი განიხილება ახლომდებარე დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა ევაკუაციის საკითხი.
განახლება: 25 თებერვალს ღამით სმოლენსკის ოლქის გუბერნატორ ვასილი ანოხინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საწარმო „დოროგობუჟზე" შეტევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ევაკუირებულია საწარმოს მახლობლად მდებარე სოფელ პუშკარევოს მოსახლეობა.
უკრაინას რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე საწარმოზე დარტყმის შესახებ 25 თებერვალს არაფერი უთქვამს.
- უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
- რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
24 თებერვალს ღამით, რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაინგრა ერთი სახლი, ერთი კი დაზიანდა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ისევ უტევდნენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 25 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ენერგომომარაგების გარეშეა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის ხერსონის და ხარკოვის ოლქების ნაწილი.
ფორუმი